პოეტი, რომლის შემოქმედება დავიწყებას არ მიეცემა
By

პოეტი, რომლის შემოქმედება დავიწყებას არ მიეცემა

 

21  წიგნის ავტორი, თედო სახოკიას და ჰაიდარ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი, პოეტი ზურაბ ზოიძე შუახევის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაიბადა. მრავალფეროვანი იყო მისი 55-წლიანი ცხოვრების გზა. იყო სოფლის სკოლის მასწავლებელი, ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი, ბოლოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. ზურაბმა თავისი სიტყვა თქვა ქართულ პოეზიაშიც. მისი ლექსების პირველი შემფასებელი და დამკვალიანებელი იყო ბიძა, ცნობილი პოეტი შოთა ზოიძე.

სოფელი, სკოლა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ქართული სიტყვის ოსტატები არ ივიწყებენ წუთისოფლიდან ნაადრევად წასულ პოეტს. მის უკვდავსაყოფად სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ,  მეტწილად, თებერვალში, 25 თებერვალი პოეტის დაბადების დღეა. 10 წელი გავიდა, რაც ზურაბი მშობლიურ ახალდაბაში განისვენებს.

ახალდაბის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე ზურაბის მერხის მეგობარი იყო. ყველა ღონისძიება, რომელიც ზურაბის  შემოქმედებას უკავშირდება, თემურ დავითაძისა და სკოლის პედაგოგების მალვინა ზოიძის, ნუცა აბულაძის  ინიციატივით იმართება.  წელს ხსოვნის საღამოსთვის მოსწავლეებმა სასკოლო გაზეთი გამოსცეს და გამოფენა მოაწყვეს. გაზეთში განთავსებული იყო პოეტის თანამედროვეთა სტატიები.
სკოლისა და შუახევის კულტურის ცენტრის ინიციატივით გამართული საღამოს მონაწილეებს მიესალმა  მწერალი, კინოდოკუმენტალისტი ვახტანგ გოგრაჭაძე და დამსწრეთ წარუდგინა დოკუმენტური ვიდეოფილმი პოეტის ცხოვრების შესახებ. საღამოს  წამყვანებმა ელზა და ლანა დავითაძეებმა ისაუბრეს ზურაბ ზოიძის საქმიანობაზე, ახალდაბის სკოლის  მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ლექსები.

ზურაბის შემოქმედების ცალკეული ეპიზოდები გაიხსენეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ, პოეტებმა ვახტანგ ღლონტმა, ზურაბ ფირცხალაიშვილმა, მერაბ მაკარაძემ, პუბლიცისტმა ოთარ ცინარიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რამაზ ხალვაშმა,  სკოლის დირექტორმა თემურ დავითაძემ და სხვებმა.

საღამოზე სიმღერები შეასრულეს შუახევის კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „ჭვანას“ და ახალდაბის სკოლის მხატვრული წრის წევრებმა. ზურაბის მეუღლე ლამარა ხალვაშმა საღამოს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

– ზურაბ ზოიძე პოეტი და საჯარო მოხელე იყო. მან თავისი უნარი და შესაძლებლობა მშობლიურ შუახევს მოახმარა. ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი მეგობარი, შემოქმედების თაყვანისმცემელი ჰყავდა, რაც წელს გამართულ ხსოვნის საღამოზეც წარმოჩნდა. ზურაბის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ჩვენთვის. პოეტი წუთისოფლიდან წავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება დავიწყებას არ მიეცემა, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *