„გავარკვიეთ,ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა“
გავარკვიეთ, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა – „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვ“-სთვის სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „დასტურდება, რომ ბრიტანეთის ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა“.
„გავარკვიეთ, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა – „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ (ბრიტანეთის) ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა – 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა – ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საქმის შეკერვა დაიწყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„გუშინ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთი მიზნით, რომ წარედგინა მტკიცებულებები, თუ რას ეფუძნება ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საბოლოო მიზანია მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის. სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“ დაეფინანსებინა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე (დავით) კეზერაშვილი, რომელიც არ გადმოგვცეს, რითაც ბრიტანეთი გვერდს უვლის საქართველოს სახელმწიფოს სანქციებს. მიზანია, რომ ჩაახშონ თავისუფალი და მართალი სიტყვა და გაასუფთაონ გზა საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი შავი სქემებით ევროპიდან აფინანსებდნენ.
დასკვნა ერთია: ვინც ჩვენ სიტყვის თავისუფლების დამცველი გვეგონა, თავისუფალი სიტყვის მკვლელი აღმოჩნდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ვის შეიძლებოდა ბრიტანეთის ელჩი დაჰყრდნობოდა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“.
„სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედია “ენჯეოებს”, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს ხმა აქვთ გაკმენდილი. ვინმეს მათი ხმა გაგიგონიათ? სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა ქართულ მედიას თავს დაესხა. სწორედ ეს არის ამ სიტუაციის ყველაზე კარგი ლუსტრაცია. ეს „ენჯეოები“ არიან უცხო ძალის გამტარებლები საქართველოში, ჩუმად იმიტომ არიან, რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს „მეხუთე კოლონა“, რომელმაც, როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველოs პარლამენტს და პოლიციელებს, როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი იყო დაბარებული.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „იმედი“ და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.