„ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ – ქალ ხელოვანთა მრავალხმიანი გაზაფხული – აჭარის ხელოვნების მუზეუმში
By

„ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ – ქალ ხელოვანთა მრავალხმიანი გაზაფხული – აჭარის ხელოვნების მუზეუმში

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა – „ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ გაიხსნა. ექსპოზიცია აერთიანებს როგორც აჭარაში მცხოვრებ, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალ ხელოვანთა ნამუშევრებს და ერთ სივრცეში ქმნის მრავალფეროვან, ემოციურად დატვირთულ მხატვრულ დიალოგს.
გამოფენის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ. მისი თქმით, ქართველი ქალი ისტორიულად ეროვნული სიმტკიცის სიმბოლო იყო და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში.

– ეს არის შემოქმედ ქალთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილია თანამედროვეობის წარჩინებული მხატვრების შემოქმედება. ძალიან საგულისხმოა, რომ გამოფენა იმოგზაურებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში  2026-2028 წლებში, რაც ქართველი ქალი ხელოვანების შემოქმედებას საერთაშორისო აუდიტორიასაც გააცნობს, – აღნიშნა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ.
მინისტრის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია ქალ ხელოვანთა შემოქმედების ინსტიტუციური მხარდაჭერა და მათი პროფესიული პოტენციალის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას კულტურული პროცესების გააქტიურებისა და ქალთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წახალისების თვალსაზრისით.
პროექტის მონაწილე მხატვრებს წარმატებები უსურვა აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა ზოიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის კულტურული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მაია გერსამიას, დიანა თალაკვაძის, ირინა ტორონჯაძის, ეკა ცინცაძის, თამთა დარჩიას, ნინო ჩაკვეტაძის, ეკა მუხაძის, ქეთი ბათიაშვილისა და ლია შველიძის 60-ზე მეტი ნამუშევარი.

მხატვრებმა აღნიშნეს, რომ „ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ მათთვის მხოლოდ გამოფენა არ არის, არამედ ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთის გამოცდილება, ემოცია და ინდივიდუალური ხედვა ერთიან შემოქმედებით ენერგიად გარდაიქმნება. მათი თქმით, მსგავს პროექტში მონაწილეობა დიდი სტიმული და ინსპირაციაა, რათა კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ, მეტი შექმნან და საკუთარი სათქმელი ფართო აუდიტორიას გააცნონ. მხატვრები ამბობენ, რომ ასეთი პლატფორმები აძლიერებს პროფესიულ მოტივაციას, ბადებს  ახალ იდეებს და ერთმანეთის მხარდაჭერის მეშვეობით ქმნის საერთო შემოქმედებით სიმდიდრეს, რომელიც ქართულ კულტურულ სივრცეს კიდევ უფრო ამდიდრებს.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ხელოვნების მოყვარულები.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით. გამოფენა 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა მხატვრებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებიც გაიმართება.
ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *