„ფესვების“ ქორეოგრაფი და წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
By

„ფესვების“ ქორეოგრაფი და წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე, კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,  საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარ შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებითბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვ. ღირსების ორდენებით დაჯილდოებულთა შორის არიან ა(ა)იპ „შუახევის კულტურის ცენტრის“ უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ ქორეოგრაფი ბადრი დარჩიძე, ანსამბლის აკომპანიატორები და წევრები. ბადრი დარჩიძესთან ინტერვიუ თბილისიდან დაბრუნებისთანავე ჩავიწერეთ

– 70 წელს მიტანებულ ხელოვანს მრავალი საინტერესო და შინაარსიანი დღე მახსოვს, მაგრამ 2026 წლის 26 თებერვალი ჩემი და ანსამბლის სხვა წევრებისთვის მარად კეთილ მოსაგონრად დარჩება. მე და ანსამბლის მუსიკოს-აკომპანიატორები: მინდია ბერიძე და როლანდ ივანაძე, მოცეკვავეები: დავით მაკარაძე, ზვიად ბოლქვაძე, თამაზ ბერიძე, ლევან ფუტკარაძე, მაყვალა ბუჩუკური, მიხეილ მელიქიშვილი, მიხეილ ფუტკარაძე, მუხრან დარჩიძე, ნანული გოგიტიძე,  ნოდარ ქარცივაძე, ნოდარ დავითაძე, ნუგზარ ხიმშიაშვილი, რევაზ მჟავანაძე, რუსუდან დარჩიძე, შალვა მიქელაძე, ხასან ხილაძე, ჯემალ ართმელაძე, შოთა დიასამიძე და მიხეილ კაკალაძე (სიკვდილის შემდეგ,  ჯილდო მისმა შვილმა ივერი კაკალაძემ მიიღო) ღირსების ორდენებით დაგვაჯილდოვეს და საზეიმო ცერემონიაზე პრეზიდენტის სასახლეში მიგვიპატიჟეს.

– აჭარისა და თუნდაც შუახევის ისტორიაში პირველად, ანსამბლის ყველა წევრმა სამთავრობო ჯილდოები, თანაც ერთნაირი სინჯის, მიიღეს. ასეთი აღიარებას რას ვუმადლოდეთ?

– იმ დაუღალავ და ენერგიულ საქმიანობას, რასაც დაარსებიდან (2007 წელი) ჩემთან ერთად ანსამბლის თითოეული წევრი მისდევს. ჩვენ გამოვიარეთ თაობათა ცვლის პროცესი, ღირებულებათა გადაფასების წლები, მაგრამ შემართება და ჟინი არ დაგვიკარგავს. აჭარის მასშტაბით პირველებმა დავიმსახურეთ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ეროვნული პრემია. ანსამბლის რეპერტუარში გავაცოცხლეთ ქართული და აჭარული ცეკვების ინდივიდუალური შემსრულებლების: ალიოსმან დავითაძის, მუხამედ ართმელაძის, ხასან შარაშიძის, მამია ჭაღალიძის, იოსებ დიასამიძის, ტარიელ კაკალაძის, ლევან დარჩიძის, ტარიელ მაკარაძის, წაბლანური შუამთურის, ნაღვარეული და კობალთური „ხორუმის“, „განდაგანას“ ნიმუშები. უცხოეთის 10-მდე ქვეყანაში გასტროლები გვქონდა და მაღალ შეფასებებს ვიმსახურებდით. დიდია ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობის თანადგომა. აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ბატონმა სულხან თამაზაშვილმა ჩვენი დადგმები პირველად როცა ნახა, შეგვპირდა, რომ ამაგს დაგვიფასებდა.

– ანსამბლის წევრები „განდაგანას“ რომ დგამენ, 20-მდე წევრიდან ნახევარზე მეტი ინდივიდუალურ ილეთებს ასრულებს. ეს ილეთები როგორ  გააცოცხლეთ?

– ხელოვნებას, განსაკუთრებით ადგილობრივ ფოლკლორს, ჩვენს ოჯახში გამორჩეულად ვეფერებოდით. მამა მარეთის ხეობაში გამორჩეული ხელოვანი იყო, ცეკვა-სიმღერის დიდი მოტრფიალე გახლდათ დედაჩემი. კარგად მახსოვს ზამთრის გრძელი ღამეები და დარჩიძეების კერიაზე შეკრებილების ცეკვა-სიმღერა. ამის გამოძახილია, რომ მე „ფესვების“ ქორეოგრაფი ვარ, ჩემი ძმა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლ „მარეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელია, და, ეთერი, აჭარაში ცნობილი ხელოვანია, ხელოვნებასთან წილნაყრობენ შვილები და შვილიშვილები.1981 წლიდან მოყოლებული, მუდმივ ძიებაში ვარ. განსაკუთრებით სახალხო დღესასწაულები მიზიდავს. „შუამთობაზე“ წარმოჩნდებიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც ცეკვა-სიმღერა წინაპრებისგან მოსდგამთ. ერთ ნომერს რომ ვნახავდი, უმალვე ავიტაცებდი. წლების განმავლობაში ოლადაურის სასოფლო კულტურის სახლის დირექტორი ვიყავი, იმ წლებში ტარიელ მაკარაძესთან ერთად გავაცოცხლეთ მაწყვალთაში ადრე არსებული „ქუშინარობის“ სახალხო დღესასწაული და ამ ზეიმის მონაწილეთა მიერ შესრულებული ცეკვა-სიმღერა. იდეის დონეზე მქონდა მარეთის ხეობის ქალი სახალხო მთქმელების, მომღერალ-მოცეკვავეების ჩართულობით ქალთა ანსამბლის ჩამოყალიბება, ეს იდეა ახლაც ძალაშია. „ლაზარობა“ ერთი გამორჩეული სახალხო რიტუალია, რომელიც მთიან აჭარაშია დავანებული. ეს რიტუალი ამინდთან კავშირშია. „ფესვების“ წევრთა ჩართულობით ეს რიტუალი ცეკვად გარდავსახეთ და პირველად საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზის სცენაზე დავდგით. ამ ცეკვას ვაზის დიდი ჯვრით ვასრულებთ. იგი ყველამ, განსაკუთრებით, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ახლანდელმა პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა მოგვიწონეს. ასე წვეთ-წვეთობით გროვდებოდა ის მიღწევა, რომელიც სამთავრობო ჯილდოებით დაგვიფასეს.

– თაობათა ცვლის პროცესი ახსენეთ. იმ ხელოვანების ამაგს როგორ აფასებთ, რომლებიც წუთისოფელს აღარ შემორჩნენ?

– კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ფოლკლორული და ქორეორაფიული ანსამბლების დათვალიერებაზე თბილისის სპორტის სასახლეში ვიყავით მიწვეული. ბათუმისკენ როცა მოვდიოდით, ანსამბლის წევრი დავით მჟავანაძე ავტოავარიაში მოჰყვა. ანსამბლის წევრებს დანა პირს არ უხსნიდათ, როცა გონება დაკარგული დავითი საავადმყოფოში მოვათავსეთ. გზად სასიხარულო ამბავი გვაუწყეს. უმალვე კვების ობიექტთან ავტობუსი გავაჩერეთ და წევრის გადარჩენა ცეკვა-სიმღერით აღვნიშნეთ. პანდემიის პერიოდში  ხელიდან გამოგვეცალა ოთარ ჭაღალიძე. რიგი სირთულეების, სიფრთხილის მიუხედავად, ყველა რიტუალი შევუსრულეთ. ანსამბლის წევრი იყო ტარიელ კაკალაძე, იგი შვილმა მიხეილ კაკალაძემ ჩაანაცვლა. უკურნებელმა სენმა მიხეილი შეიწირა, მამის კუთვნილი „ღირსების ორდენი“ შვილს ივერი კაკალაძეს გადასცეს. მამებისეულ „განდაგანას“ ასრულებენ ბადრი ართმელაძე და ნოდარ დავითაძე. ანსამბლის წევრია 80 წელს გადაცილებული მაყვალა ბუჩუკური. იგი, მთიანი აჭარის  ხელოვნებისადმი პატივისცემის ნიშნად, დაარსების დღიდან ჩვენთანაა. ქალებს განსაკუთრებით ჭიბონი და მისი თანხლებით შესრულებული მელოდიები ამშვენებთ. ამ პირობით შემოვიერთეთ „ფესვებში“ ჩემი ქალიშვილი რუსუდან დარჩიძე. ანსამბლის წევრია მიხეილ მელიქიშვილი, რომელიც საკუთარი ილეთებით მაყურებელს ხიბლავს. „ფესვების“ წევრები „ამრევის“ სახელით იცნობენ წყაროთელ რევაზ მჟავანაძეს. იგი მეგობრობის ეტალონია. წელს 10 აპრილს დაბადებიდან 70 წელი უსრულდება ნაღვარეველ ხასან ხილაძეს. პედაგოგი, სკოლის დირექტორის მოადგილე „ფესვებში“  ცეკვა-სიმღერის სიყვარულმა მოიყვანა. ანსამბლის აკომპანიატორია 80 წელს გადაცილებული როლანდ ივანაძე. მრავალი ხელოვანი მინახავს, მაგრამ როლანდის სადარი ადამიანი არ მეგულება. იგი ყველა ცეკვას მელოდიას მოარგებს ხოლმე, რაც იშვიათობაა. ანსამბლი ვერ გაიბრწყინებდა, რომ არა თვითმმართველობის ხელმძღვანელების დიდი თანადგომა, ჩვენს ყველა წარმატებას იზიარებენ, გასაჭირშიც გვერდით გვიდგანან. ამჯერადაც მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, კულტურის ცენტრის დირექტორი მაია დავითაძე თბილისში გვახლდნენ და დიდი აღიარება პირველებმა მოგვილოცეს. ვსარგებლობ თქვენი გაზეთით და ქვეყნის, რეგიონის ხელმძღვანელობას, მათ საჯაროდ მადლობას ვუხდი.

– „საპატიო შუახეველი“ ხართ, კიდევ სხვა ჯილდოები და წოდებები თქვენს საქმიანობას ალამაზებს. რა პირობა მიეცით ქვეყნის პრეზიდენტს, როცა „ღირსების ორდენი“ გადმოგეცათ?

– დიდად გახარებული ვიყავი, პირად აღიარებაზე მეტად ანსამბლის მთლიანი შემადგენლობის დაფასება და აღიარება მახარებდა. მხოლოდ მადლობის გადახდით შემოვიფარგლე. სტუდენტობის წლები თბილისში გავატარე. ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი მყავს, მათგან მოლოცვებიც მივიღე, მაგრამ მშობლიური რაიონის მკვიდრთა მოფერება და სიყვარულით, სიხარულით გამთბარი სიტყვები მაინც დაუვიწყარი იქნებიან. ეს ვალდებულებაა, რომ მათ ვემსახურო, ახალი შენაძენებით გავამდიდრო „ფესვების“ ისტორია და სათაყვანებელი სამშობლოს ხელოვნება.

– საქმის გამგრძელებლებს თუ ზრდით?

– უფლის გარდა არავინ იცის, ვინ როდის და რა ვითარებაში წავალთ წუთისოფლიდან. დაარსების დღიდან 10-ზე მეტი წევრი ხელიდან გამოგვეცალა. დიდი დანაკლისი იყო ტარიელ მაკარაძის გარდაცვალება. მასთან 50 წლის ურთიერთობა მაკავშირებდა. მისასალმებელია, რომ მუშაობა მიდის მისი საქმიანობის ამსახველ წიგნზე, რასაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფინანსური მხარდაჭერა აქვს. აქვე გეტყვით, რომ დაწყებულია მოძრაობა მემორიალური დაფების გასაკეთებლად იმ სახლებზე, სადაც „ფესვების“ ყოფილი წევრები ცხოვრობდნენ, სამუდამო სასუფეველებსაც მივხედავთ.  რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე მშობლების წამოწყება  გავაგრძელე და თავს ვალმოხდილად მივიჩნევ. შვილებისა და შვილიშვილების სახით საქმის გამგრძელებლები მყავს და ესეც ბედნიერებაა.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *