გამწვავებული კრიზისი და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები
By

გამწვავებული კრიზისი და ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ოფიციალური განცხადებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და ქმნის სურათს, სადაც დიპლომატიური სიგნალები და სამხედრო მოქმედებები პარალელურ რეჟიმში ვითარდება…
დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლება სურს და თავადაც მზად არის საუბრისთვის. „[ირანელებს] საუბარი სურთ და მე დავთანხმდი, ამიტომ მათთან ვისაუბრებ. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ ზედმეტად დიდხანს დააყოვნეს“, – აღნიშნა მან. კითხვაზე, როდის შეიძლება გაიმართოს ეს კომუნიკაცია, ტრამპმა კონკრეტული პასუხი არ გასცა და მხოლოდ ის თქვა, რომ ბოლო კვირებში მოლაპარაკებებში ჩართული ზოგიერთი ირანელი უკვე აღარ არის ცოცხალი.
ირანული მხარე მოლაპარაკებების შესაძლებლობას უარყოფს. ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თეირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. მისი შეფასებით, რეგიონში არსებული ქაოსი ვაშინგტონის პოლიტიკის შედეგია, ხოლო ირანი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებს.
დასავლეთ ევროპიდან გზავნილები ასევე მკაცრია. ე.წ. E3-ის ქვეყნები – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია აცხადებენ, რომ მზად არიან, საკუთარი და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად გადადგან „აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ნაბიჯები“. მათ ირანის სარაკეტო შეტევები „არაპროპორციულ ქმედებებად“ შეაფასეს და ხაზი გაუსვეს, რომ ამ პროცესში აშშ-სა და რეგიონულ პარტნიორებთან კოორდინაციას გააგრძელებენ.
გლობალური დაძაბულობის ფონზე განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
„როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში.
ჩვენ გვინახავს ომები, კატაკლიზმები და ეპოქები, როდესაც ყველაფერი იშლებოდა და თავიდან იწყებოდა, მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეცვლილა, ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, საკუთარი ღირსება და საკუთარი მემკვიდრეობა.
ამიტომ, როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *