24-საათიანი გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება
By

24-საათიანი გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. კანონის შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტებისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლოა, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვას. სახეობის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ ნადირობის სეზონის განმავლობაში – 2025 წლის 23 აგვისტოდან დღემდე, დეპარტამენტის თანამშრომლებმა 893 სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად და წარმატებით იყენებს ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები, ე.წ. ბაგები, სხვადასხვა ტიპის ნავი, კატარღა, დრონი, ფოტოხაფანგი, თერმული დურბინდი. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის შედეგად, ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა და გამოვლენა 24 საათის განმავლობაში და გაცილებით მეტ ლოკაციაზე გახდა შესაძლებელი.

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *