საქართველო აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს – სატელეფონო საუბრები ნახიჩევანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ
By

საქართველო აზერბაიჯანს მხარდაჭერას უცხადებს – სატელეფონო საუბრები ნახიჩევანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან სატელეფონო საუბრები გამართეს და მხარდაჭერა გამოხატეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა, შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და აზერბაიჯანს სოლიდარობა გამოუცხადა. მხარეებმა ასევე, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
ამავე საკითხზე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს ესაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. საუბრისას განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები.
სატელეფონო საუბარი გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაც – – მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკიცე მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს და რეგიონში ვითარების ესკალაციას იწვევს.

ცნობისთვის, ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა უარყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა და განაცხადა, რომ „ტერორისტულ აქტში  მონაწილე დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“.

  • No Comments
  • მარტი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *