რატომ დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები
By

რატომ დააკავეს ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები

ხულოს მერიის ყოფილი თანამშრომლები დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ასევე – სამუშაოების ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები. გამოძიება დაკავებულებს კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების არასრულყოფილად ჩატარებას და ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება.

ინფორმაცია ცნობილი გახდა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ბრიფინგზე, რომელიც დღეს გაიმართა.

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორი წევრი, ასევე, სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ,“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, ეს ხულოს მერიის თანამშრომლების დაკავების მეორე შემთხვევაა, წინა წლის ნოემბერში ქრთამის აღების ბრალდებით ხულოს მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს.

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *