თენგიზ შარმანაშვილი – პირველად დაგმეს საქართველოში მომხდარი ძალადობა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია და პოლიტიკური ცვლილებები უნდა მოხდეს დემოკრატიული გზით – არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების მეშვეობით. ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს დიალოგის აღდგენისკენ და პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ.
ეუთოს განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ დოკუმენტს, გარკვეულწილად, პოზიტიურად აფასებს.
„მათ განცხადებას მაინც პოზიტიურად ვაფასებ იმის გამო, რომ პირველად მოხდა, როცა საერთაშორისო სტრუქტურა ძალადობის დაგმობაზე საუბრობს, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ. ყოველთვის იმას ვამბობდით, რომ თუ ორგანიზაციები გულწრფელად გვესაუბრებიან, მაშინ ორივე მხარეს უნდა გაიხედონ და თვალი არ დახუჭონ იმ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობდა,“ – განაცხადა შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში წარიმართება.
„თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და რადიკალური პარტიები იტყვიან, რომ ძალადობაზე უარს ამბობენ და მზად არიან კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოში იმოქმედონ, მაშინ ამ კანონმდებლობის გადახედვაც შეიძლება. ეს კანონები იმიტომ მივიღეთ, რომ თავი დაგვეცვა იმ პროცესებისგან, რასაც ვხედავდით,“ – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.