„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა“
By

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა“

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებას მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება.

„ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი მთელი თავისი წინა ისტორიით. შარშან უნდა განხორციელებულიყო ეს ვიზიტი და მაშინ ჩვენმა ოპოზიციამ და მათმა საგარეო მხარდამჭერებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ იგი ჩაშლილიყო. განცხადებები, რომელიც ეუთომ გააკეთა ცხადყოფს იმას, თუ რატომ ჩაშალეს შარშან ეს ვიზიტი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუტებზე შეტევა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა.

ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი ოპოზიციისთვის ქვეყნის შიგნით, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ევროპარლამენტში და ევროკომისიაში მოკალათებული მათი მხარდამჭერებისთვის, რომ სიმართლე არ იმალება და რაც არ უნდა გაექცე რეალობას და თვალი დახუჭო ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე, ვიღაც ობიექტური ადამიანი მაინც გამოჩნდება მსოფლიოში და ამხელს ამ ყველაფერს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ის განცხადება, რომ პარლამენტში საკუთარი მანდატების დატოვებით ოპოზიციამ მიიღო დემოკრატიისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება, რადგან დღეს ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი. რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, რადგან პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგისთვის შექმნილია ინსტიტუტი, რომელსაც ჰქვია პარლამენტი. როდესაც შენ პარლამენტს ტოვებ და არ მუშაობ ამ საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგ ვერ გექნება პრეტენზია იმაზე, რომ პოლიტიკურ დიალოგში შემოხვიდე ხელისუფლებასთან.

ამიტომ, ეს ჩანაწერიც ამ განცხადებაში მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის სტრატეგია და გადაწყვეტილება იყო სრულიად მცდარი და მათთვისვე დამაზიანებელი.

ასევე მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საარჩევნო ყუთებთან მისული ამომრჩევლის გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედოს.

ეს ცრუ ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე ქართული საზოგადოებისთვის ისედაც არაფრისმთქმელია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი მოწოდებაა, რომ მომავალი არჩევნებისთვის იქნებ მოემზადონ და ბრიუსელში და სხვადასხვა დედაქალაქში სირბილის ნაცვლად, თავის მოსახლეობას და საზოგადოებას შეხვდნენ თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში. ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების მთავარი სულისკვეთება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

  • No Comments
  • მარტი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *