აჭარის კულინარიული და კულტურული გზამკვლევები ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში უფასოდ ხელმისაწვდომია
By

აჭარის კულინარიული და კულტურული გზამკვლევები ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში უფასოდ ხელმისაწვდომია

დაინტერესებული პირებისთვის აჭარის კულინარიული და სხვა თემატური ბეჭდური წიგნები სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი რეგიონში მოქმედ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული გზამკვლევები განთავსებულია რეგიონში მდებარე ცხრა საინფორმაციო ცენტრში. მათ შორისაა „კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“, „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, „ხალხური დეკორატიული ხელოვნება აჭარაში“, „ხალხური რეწვა აჭარაში“, „ხალხური თამაშობები და სათამაშოები აჭარაში“ და „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“. წიგნების ელექტრონული ვერსიების ნახვა მსურველებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეუძლიათ.
„კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში“ სააგენტოს მიერ მომზადებული ახალი გამოცემაა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის ეთნოგრაფიულად დამახასიათებელი დაახლოებით 150 კერძი და ტკბილეულია თავმოყრილი. გზამკვლევში ქართული კერძები თემატურ ქვეთავებადაა დაყოფილი – ძირითად კერძებთან ერთად ცალკე წარმოდგენილია მხალეულისა და ლობიოს კერძები, რძე და რძის ნაწარმი, პურეული, სართავიანი ხაჭაპურები, ხორბლის კერძები, ტკბილეული, შესანახი კერძები, მწნილები და საწებლები. თითოეულ რეცეპტს წინ უძღვის მცირე შესავალი, სადაც კერძის მომზადების ტრადიციაზეა საუბარი.
კიდევ ერთი ახალი გამოცემაა „ხალხური დეკორატიული ხელოვნება აჭარაში“, რომელიც აღწერს რეგიონში გავრცელებულ ხალხური მხატვრული ხელოვნების ნიმუშებს. ეს ნიმუშები ძირითადად გვხვდება საცხოვრებელ და საკულტო ნაგებობებზე, საოჯახო-საყოფაცხოვრებო საგნებზე, ქსოვილებსა და ტანსაცმელზე.
„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ პირველი წიგნი იყო, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოსცა. მასში თავმოყრილია აჭარაში გავრცელებული 150-ზე მეტი კერძის, დესერტისა და წასახემსებლის რეცეპტები, ფოტოები და მათთან დაკავშირებული ტრადიციები.
წიგნი „ხალხური ტრადიციები და რიტუალები“, რომელიც 2023 წელს დაიბეჭდა, აერთიანებს 70-მდე აჭარულ ტრადიციასა და წეს-ჩვეულებას, მათ შორის, ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო და სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებულ რიტუალებს.
კულინარიულ გამოცემებს შორისაა „თევზეული ქართულ სამზარეულოში“, სადაც წარმოდგენილია შავი ზღვისა და აჭარის შიდა წყლებში გავრცელებული თევზისგან მომზადებული ცივი, შემწვარი და წვნიანი კერძები, ასევე სხვადასხვა სოუსითა და საწებლით მომზადებული რეცეპტები. გზამკვლევში შეტანილია თევზის ღვეზელი, ქაფშიის (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული სხვა ტრადიციული კერძები.
„ხალხური თამაშობები აჭარაში“ აერთიანებს რეგიონში შემონახულ 50-ზე მეტ ტრადიციულ ხალხურ თამაშს, ხოლო „ხალხური რეწვა აჭარაში“ მომზადდა აჭარაში მივიწყებული დარგების კვლევა-შესწავლის საფუძველზე. გამოცემაში ვრცლად არის წარმოდგენილი ფეიქრობასთან, მეთუნეობასთან, ხალხურ მეტალურგიასთან, ხითხურობასთან, ქვითხურობასა და ქართულ ხალხურ დეკორთან დაკავშირებული მასალები.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცემული ყველა ეს წიგნი უფასოა და მათი აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში უსასყიდლოდ შეუძლიათ.

  • No Comments
  • მარტი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *