22 მარტი, 2026 წელი – საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკანასკნელ გზაზე გააცილა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს. სიონის ტაძარში პატრიარქს ხელისუფლების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და პირადი დაცვის წევრები დაემშვიდობნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა პატრიარქთან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ილია მეორის როლს ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედაეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად, დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედაეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქსა და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში“. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედაეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისა და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა პრემიერმა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. აქ იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან და დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან. ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო პროცესია გაიმართა.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკა.
სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.