მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა ბუდაპეშტის ასამბლეაზე და მთავარი აქცენტები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში გამართული ასამბლეის პირველ შეხვედრაზე, Patriots for Europe-ის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა ეროვნული ინტერესების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, ხოლო ბოლო ათწლეულებში – ევროკავშირში გაწევრიანებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გარანტად მივიჩნევდით, სწორედ ამიტომ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს – ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თანმდევ გამოწვევებზე.
„სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იქცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი, პოლიტიკური ზეწოლის, შიდა პოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის გარეთ, არამედ ევროკავშირის შიგნით – მის წევრ სახელმწიფოებშიც“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
დასასრულ, მაკა ბოჭორიშვილმა სუვერენიტეტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„სუვერენიტეტის დაცვის საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, რადგან სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა მინისტრმა.