პაპუაშვილი პროქართულობაზე, ერთობაზე და პატრიარქის ღვაწლზე
By

პაპუაშვილი პროქართულობაზე, ერთობაზე და პატრიარქის ღვაწლზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, პატრიარქის გარდაცვალებით გამოწვეულ ერთობასა და სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის შეფასებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეროვნული ინტერესები უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი, ხოლო საზოგადოების დიდმა ნაწილმა მწუხარების დღეებში ერთიანობა და პატივისცემა გამოავლინა.
„ცალკე გამოსაყოფია ის ჯგუფი, რომელიც დღეს პროტესტშია. ამ დღეებში ჩვენ მათი სახე ვნახეთ. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება. ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, მაშინ როცა ერი იმყოფება მწუხარებაში. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი, ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში, რათა პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და პროტესტში მყოფ იმ რამდენიმე ასეულ ადამიანს შორის, რომლებმაც პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად.
მე წლიურ ანგარიშშიც ვთქვი და ამ დღეებშიც დადასტურდა – არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. სწორედ ეს დაგვანახა პროტესტში მყოფმა მცირე ჯგუფმა. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ნებისმიერი სხვა პროორიენტაცია, არის ანტიქართული. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან ნახევარსაუკუნოვანი მსახურების განმავლობაში გასცა. პაპუაშვილის შეფასებით, ილია II ისტორიული პიროვნება იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის.
„ამის მოწმენი გავხდით ყველანი, როდესაც მილიონნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში, რათა თავისი მწუხარება გამოეხატა. ეს იყო მართლაც მომენტი, როდესაც მთელი ერი იყო ერთიანი ამ მწუხარებაში და გარკვეულწილად, ყველა ვცდილობდით, ჩვენი უმცირესი გაგვეკეთებინა, რათა ის სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა. ვნახეთ ასევე ერთობა ეკლესიური, ერთობა რელიგიებს შორის, როდესაც, როგორც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების, ისე, ზოგადად, ყველას მხრიდან, ვინც საქართველოს, მის ეკლესიას, პატრიარქს იცნობდა, მოვისმინეთ მწუხარების სიტყვები, მიუხედავად კონფესიისა, რელიგიისა. მართლაც ისტორიული პიროვნება იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის. ამ დღეებში, მათ შორის, სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობაც გვქონდა, ვისმენდით, როგორ აფასებდნენ მის ღვაწლს, როგორ სცემდნენ პატივს მის წვლილს ქრისტიანული სამყაროს განვითარებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მიულოცა მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან ბაირამი და ნოვრუზ ბაირამი, მადლობა გადაუხადა მათ სოლიდარობისთვის და აღნიშნა მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ერთობის, მშვიდობისა და განვითარების საქმეში.

  • No Comments
  • მარტი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *