მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქს ანდერძი არ დაუტოვებია, მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაასახელა
By

მამა გიორგი ზვიადაძე: პატრიარქს ანდერძი არ დაუტოვებია, მოსაყდრე სიცოცხლეშივე დაასახელა

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან მან სიცოცხლეშივე განსაზღვრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. მისი თქმით, ეკლესიის კანონიკური წესის თანახმად, ანდერძის დაწერა საჭირო ხდება მხოლოდ მაშინ, თუ პატრიარქი მოსაყდრეს სიცოცხლეში არ დაასახელებს.
მისივე განმარტებით, ილია II როგორც „ბრძენმა მწყემსმთავარმა“, დაპირისპირებისა და გაურკვევლობების თავიდან ასაცილებლად, წინასწარ მიიღო გადაწყვეტილება და მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო მუჯირი. ზვიადაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არც წმინდა სინოდში და არც საზოგადოებაში კითხვები არ არსებობს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფიზიკური ფორმით ანდერძი არ არსებობს და არც შეიძლებოდა არსებულიყო, რადგან პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითაც და სიტყვიერადაც თავად გამოაცხადა. ამასთან, მან მედიას სთხოვა, გლოვის დღეების დასრულებამდე თავი შეიკავონ მომავალი პატრიარქის თემაზე აქტიური მსჯელობისგან.
ზვიადაძემ განმარტა, რომ ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, უნდა გაიმართოს გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი დაიწყება. თუმცა, მისი თქმით, ორგანიზაციული საკითხების გამო, წმინდა სინოდის შეკრება 40 დღის გასვლამდეც შესაძლებელია.
ცნობისთვის, ილია II 17 მარტს გარდაიცვალა. მისი სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის სამების ტაძარში გაიმართა, ხოლო 22 მარტს იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

  • No Comments
  • მარტი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *