ხოშტარიას განაჩენს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა – გვარამიასა და პაპუაშვილის განსხვავებული პოზიციები
ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც, მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო და ის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეს ეხება.
განაჩენს გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა:
„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ჩვენი კოალიციის და აწ უკვე ალიანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიდერს ელენე ხოშტარიას, დღეს წელიწადი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ივანიშვილმა. ისევე მიიღო გადაწყვეტილება დღეს გიორგი არევაძემ, როგორც დანაშაულის ჩადენაა შესაძლებელი ფლომასტერით, რითაც ბრალი დაედო ელენეს და მიესაჯა წელიწადი და 6 თვე, ფლომასტერით ჩადენილი დანაშაულისთვის. პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული. სინამდვილეში, ცხადია, ეს მიზეზია, როგორი ფორმალური შემსრულებელიცაა მოსამართლე არევაძე. მთავარი, რისთვისაც ელენეს მიესაჯა, ეს არის ის თვისებები, რომელიც ყველა ქართველ პატრიოტს აქვს და რის გამოც, ყველას შეიძლება დაედოს „ბრალი“ – ქვეყნის სიყვარულისთვის, იმისთვის, რომ არ თმობს, იმისთვის, რომ ციხეშიც, გარეთ და ნებისმიერ ვითარებაში, არა მხოლოდ მიაჩნია, არამედ ხმამაღლა ამბობს, რომ რუსი მტერია. დიახ, დღეს ფასი აქვს არა გულში მღერას მხოლოდ, არამედ ხმამაღლა საუბარსაც. კი, ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც უკვე მერამდენე სიგნალს „ქოცური“ ხელისუფლებიდან, სიგნალს იმისა, რომ დავნებდეთ და ყველაფერი ნორმალურად იქნება. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად იმიტომ, რომ არ დავნებდებით. არ იქნება ყველაფერი ნორმალურად „ქოცებისთვის“ იმიტომ, რომ ჩვენი დანებება, ჩვენი ღრმა რწმენით, არის ჩვენი სამშობლოს მარცხი და ამის ხარჯზე არ ვაპირებთ ვინმესთვის, თუნდაც საკუთარი თავებისთვის, კომფორტის შექმნას. ეს ამად არ ღირს. ასე მიაჩნია ელენეს, ასე მიგვაჩნია ჩვენ, ასე მიაჩნიათ ქართველ პატრიოტებს, ვინც იბრძვის მიუხედავად იმისა, ციხეშია თუ გარეთ, პოლიტიკოსია თუ არა, საქართველოშია თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრძოლა არის ერთიანი. ეს ბრძოლა გვაერთიანებს ყველა პატრიოტს, ვინც ვიცით, რომ პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის ისტორიის წინაშე.
მე პირდაპირ მინდა მივმართო ივანიშვილის ხელისუფლებას: ეს ვითარება არ შეიცვლება. დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა, ჩვენი გადარჩენის სანაცვლოდ, ეს არ მოხდება. მეტიც, საერთოდაც არ მივიჩნევთ გადარჩენა, არ გადარჩენის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად ციხეში ვისხდებით თუ არა. ჩვენ ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხად მიგვაჩნია ჩვენი სამშობლო გადარჩება თუ არა. ამიტომაც ამის ხარჯზე, არავის არაფერზე არ დაველაპარაკებით. მხოლოდ ამის სასარგებლოდ გადავდგამთ ნაბიჯებს. ნებისმიერი სხვა ტექსტი, ნებისმიერი სხვა ტიპის მოწოდება, ნებისმიერი სხვა ტიპის გაუგებარი მორალური ორიენტირის მქონე საუბრები ჩვენთვის არის მიუღებელი და ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, ალიანსის სახელით, ამას ადგილი არ ექნება, რაც არ უნდა მოხდეს. კი, ჩვენ გვყავს სხვა პოლიტიკური პატიმრებიც, მათ შორის, ლიდერები, ნიკაც ციხეშია. ელენე პირველი ქალი პოლიტიკოსი პატიმარია. მზიაც ციხეშია და კიდევ ბევრი ქალი. ესეც არ არის ნაკლები მნიშვნელობის და ნაკლებად სიმბოლური, რასაც ღიად და ხაზგასმულად ქალების დაპატიმრებით აკეთებს რეჟიმი, საქართველოს ისტორიაში პირველად.
მინდა გავამხნეო ელენეს ოჯახი, ბატონი გოგი, ქალბატონი ირა. მინდა გავამხნეო მისი ოთხი შვილი, გიორგი, ნატალია, კოტო და რატი. მინდა გავამხნეო ბერო, მისი ქმარი და ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ წარმოუდგენლად მაგარი შვილი, დედა, ცოლი, მაგრამ მინდა გავამხნეო პირველ რიგში, რაც მთავარია, მთელი პატრიოტული საქართველო. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ლიდერი ქალი, ელენე ხოშტარია, რომელიც გამარჯვებული გამოვა საპატიმრო საკნიდან. ძალიან გვიყვარხარ, ძალიან გვაკლია შენი თანადგომა საერთო ბრძოლაში, მაგრამ არ იფიქრო ჩვენზე. იფიქრე საქმეზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქმეს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიაც, რომელმაც აღნიშნა:
„ელენე ხოშტარია ციხეში ერთადერთი მიზეზის გამოა, გირაო არ გადაიხადა, ისევე, როგორც თავის დროზე ნიკა მელიამ არ გადაიხადა გირაო. გახსოვთ, მაშინ საქართველო თავდასხმების როგორი ობიექტი იყო. ნიკა მელიამ ეს ყველაფერი სტრასბურგში წაიღო და საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდა. უთხრეს, რომ კანონებს უნდა დაემორჩილოს.
ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნას მიზეზი და მიზანი აქვს. მიზეზია ის, რომ გირაო არ გადაიხადა. მიზანია ის, რის გამოც გარედან კარნახით ციხეში ჩატოვეს, რომ შემდეგ რეზოლუციებზე ემსჯელათ. სამარცხვინო განხილვები ვნახეთ, სადაც იყო ქართველ ხალხზე ბოღმის და ზიზღის ნთხევა. ამით დაკავებულია ზოგიერთი პასპორტით ევროპელი, თორემ მათ ღირებულებითი ევროპული აღარ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე გაგებით, თორემ, სამწუხაროდ, ასი წლის წინანდელ ევროპას ზოგიერთი წააგავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.