ჭადრაკი – ჟურნალისტებისთვის
By

ჭადრაკი – ჟურნალისტებისთვის

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა (პრეზიდენტი – სალომე მელია) და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიღვნილი ტურნირი გაიმართა, რომელსაც სასტუმრომ „იბის სტაილს ბათუმი“ უმასპინძლა.

ტურნირში არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ ზოგადად, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები მონაწილეობდნენ.

მამაკაცებში პირველ ადგილზე დავით ფარტენაძე გავიდა, მეორეზე  -ირაკლი ქათამაძე, მესამეზე – გიორგი ბერიძე. ქალებში  მარიამ ხითარიშვილმა გაიმარჯვა.

გამარჯვებულები  მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ჩემპიონი, აგრეთვე – თასით. ტურნირის ყველა მონაწილეს სიმბოლური ფასიანი საჩუქარი გადაეცა.

– აღნიშნული სახის ტურნირში მეხუთედ ვმონაწილეობ, ორჯერ მეორე ადგილზე გავედი, მანამდე ორჯერ გავიმარჯვე და წელს მესამედ მოვიგე. ძალიან კარგია, რომ ასეთი სახის ტურნირი ტარდება. პირველი – ძალიან ვერთობით, მეორეც – ერთმანეთს სულ სხვა სიტუაციაში ვხვდებით და ერთად ძალიან კარგ დროს ვატარებთ. წლევანდელი ტურნირი იმითაც იყო საინტერესო, რომ რობოტს ვეთამაშე… ისეთი მაღალი დონე „აქვს“, რომ ერთ მომენტში მინდოდა დავნებებულიყავი, მაგრამ ესეც ვერ მოვახერხე, რობოტი კარგად თამაშობს, – გვითხრა აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მე ვარ ფერმერის“ ტექნიკურმა პროდიუსერმა, ტურნირის გამარჯვებულმა  დავით ფარტენაძემ.

– ჟურნალისტებისადმი მიძღვნილ  ტურნირს ფედერაცია მეხუთედ ატარებს. წელსაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, რადგან გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ხვდებიან, ამავდროულად, გამოცდილებასაც იღებენ და ამიტომ ამ სახის უფრო მეტი ტურნირის ჩატარების სურვილიც უჩნდებათ. წელს საინტერესო სიახლე გვქონდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საჩუქრად  სენსორ-რობოტი (საჭადრაკო რობოტი) გადმოგვცა, რომელიც თავადაც თამაშობს და ასევე, ბავშვებს  სხვადასხვა ამოცანის  ამოხსნასაც ასწავლის. თითო პარტია რობოტთან ყველა მონაწილემ ითამაშა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, – თქვა  აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა  დიანა ქუთელიამ

– მესამედ ვმონაწილეობდი. ყოველ ჯერზე სიამოვნებით მოვდივართ. წელს საინტერესო ინოვაცია დაგვხვდა – ჭადრაკის მოთამაშე რობოტი, რომელსაც ყველაზე დაბალ დონეზეც კი ვერ მოვუგე და ჩემთან „დამანგრეველი“ მაჩვენებლით გაიმარჯვა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, მოტივაცია არის და გპირდებით, რომ შემდეგ წელს აუცილებლად ერთ პარტიას მაინც მოვუგებ, – შეგვპირდა აჭარის რადიოს ხმის რეჟისორი გიორგი ფირცხალაიშვილი.

– ამ ტურნირში მეორედ ვმონაწილეობ და ასევე, მეორედ ქალთა შორის პირველი ადგილი ავიღე, რაც ძალიან სასიხარულოა. მიუხედავად იმისა, რომ წელს შედარებით ცოტა მონაწილე ვიყავით, მაინც კარგი დრო გავატარეთ და ჭადრაკის მხრივ ცოდნაც გავიღრმავეთ. აღფრთოვანებული დავრჩი მოჭადრაკე რობოტით, იმდენად კარგად თამაშობდა, თვით გამარჯვებულმაც კი ვერ დაამარცხა. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გუნდს ამ შესაძლებლობისთვის. მსგავსი ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის, – გვითხრა გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტმა მარიამ ხითარიშვილმა.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მარტი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *