„მინისტრის საათი“  აჭარის უმაღლეს საბჭოში –  გაფართოებული ჯანდაცვის პროგრამები და გაზრდილი ბიუჯეტი
By

„მინისტრის საათი“  აჭარის უმაღლეს საბჭოში –  გაფართოებული ჯანდაცვის პროგრამები და გაზრდილი ბიუჯეტი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, დეპუტატებმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს გასული წლის საქმიანობა შეაჯამა და არაერთ მნიშვნელოვან პროექტსა თუ პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება. მან, ასევე, ისაუბრა გამოწვევებზეც, მათი გადაჭრის გზებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ყოველდღიურად მუშაობს მათ აღმოსაფხვრელად.

მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 99.6%-ით შესრულდა, ხოლო 2026 წელს უწყების ფინანსური დოკუმენტი 8%-ით გაიზარდა და 87,5 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტრო ჯამში 38 პროგრამას ახორციელებს, რომლებითაც გასულ წელს 125 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. სამინისტროს პროგრამებით სარგებლობენ სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კი სამინისტროს პროგრამების პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან.

„ყოველწლიურად რეაბილიტაციის სხვადასხვა პროგრამით შშმ სტატუსის მქონე 7 000-მდე ბავშვი და ზრდასრული სარგებლობს, რისთვისაც დაახლოებით 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. სამინისტრო ასევე გასცემს 28 სახეობის დამხმარე საშუალებას და ყოველწლიურად 1 500-მდე მოქალაქე სარგებლობს.

2026 წელს, „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, გაიზარდა კურსების დაფინანსება და სეანსების რაოდენობა. აღნიშნული პროგრამით, წლის განმავლობაში, 400-ზე მეტი ბავშვი ფინანსდება და გამოიყოფა 3 მილიონ 024 000 ლარი.

2025-2026 წლებში დაინერგა და გაფართოვდა არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, მათ შორის: დაიწყო ფილტვის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (TAVI), იშვიათი გენეტიკური დაავადებების მკურნალობა, პრენატალური სკრინინგი (NIPS), ოსტეოპოროზისა და ცელიაკიის სკრინინგი ბავშვებში. დაიწყო ლიპიდდამაქვეითებელი თერაპიის დაფინანსება, რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ნარკოდამოკიდებული პაციენტების სტაციონარული მკურნალობის დაფინანსება. ასევე, დაგეგმილია დედის რძის ბანკის შექმნა“, – განაცხადა მინისტრმა.

ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამაზეც, რომლის ფარგლებში, 6 საცხოვრისი ფუნქციონირებს, მათ შორის: დედათა და ბავშვთა (69 ბენეფიციარი, ბიუჯეტი – 601 856 ლარი), ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტებისთვის (96 ბენეფიციარი, ბიუჯეტი – 1 მილიონ 695 840 ლარი) და ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთათვის (123 ბენეფიციარი, ბიუჯეტი – 3 მილიონ 256 320 ლარი).

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში, სამინისტროში არსებულ უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამაზე, რომლის დახმარებითაც უკვე დაიბადა 68 ბავშვი, ხოლო შვილს ელოდება 18 წყვილი. მინისტრის ცნობით, ფინანსური მხარდაჭერა ასევე გათვალისწინებულია ახალშობილი ტყუპებისთვის, 16 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობლებისთვის. პროგრამებით ყოველწლიურად 2 500-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს და ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა ეკომიგრანტ ოჯახებზეც, რომლებსაც 2025 წლიდან საშუალება აქვთ პროგრამით გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ააშენონ საცხოვრებელი სახლი, ასევე, შესაძლებლობა აქვთ, შეისყიდონ საცხოვრებლად ვარგისი ფართი მშენებარე კორპუსშიც.

„2025-2026 წლებში, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისთვის 1056 ოჯახის დასახმარებლად გამოიყო 11 მილიონ 665 981 ლარი, ხოლო სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერის მიზნით, დაფინანსდა 2 144 ბენეფიციარი, გამოიყო 12 მილიონ 832 346 ლარი“, – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა   „დედის რძის ბანკზე“, რომელიც, მისი განმარტებით, ყველაზე დიდი სიახლეა და იგი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ნაწილში განხორციელდება.

„კავკასიაში პირველები ვიქნებით, ვინც ამ პროგრამას განახორციელებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღენაკლული და დეფიციტის მქონე ბავშვებისათვის, რომელთა გამოსავალი ბუნებრივი კვებაა. ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს დედის რძის შეგროვებას, შემდგომ, პროტოკოლის ყველა წესის დაცვით, მოახდენს მის გადანაწილებას დაწესებულებებში, სადაც დღენაკლული ბავშვების ყველაზე მეტი რაოდენობა იბადება.  რა თქმა უნდა, ეს იქნება საპილოტე პროგრამა,  რომელიც შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდება. სამინისტროს ყველა პროგრამა მიზნად ისახავს სერიოზული დიაგნოზის მქონე პაციენტების ჯანდაცვის სერვისებთან ხელმისაწვდომობის გაზრდას“, – აღნიშნა მინისტრმა.

უწყების ხელმძღვანელმა მოხსენების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო ორგანოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მუდმივად გვერდში დგომისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოახერხებენ, რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები ხელმისაწვდომი გახადონ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს ამომწურავი ინფორმაციისთვის, იმ საქმიანობისთვის, რასაც თავად მინისტრი და სამინისტროს თანამშრომლები ეწევიან მოსახლეობისთვის.

„ვფიქრობ, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, ამავდროულად, მას აბარია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები. როგორც წარმოდგენილი ანგარიშით, ასევე, კითხვებზე გაცემული პასუხებით სამინისტროს საქმიანობა შეიძლება შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.  სამინისტრო ცდილობს უპასუხოს ყველა იმ  გამოწვევას, რომელიც რეგიონისა და მისი მოსახლეობის წინაშე დგას  როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სოციალური დაცვის  მიმართულებით“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

„მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ, დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელეს, რომლის პირველი მოსმენაც გაიმართა და რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს და  უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას ეხება. აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები არიან უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით გაბაიძე და მინდია დიასამიძე.

ნანა აბულაძე

 

  • No Comments
  • მარტი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *