ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა
ბათუმში მომხდარი მძიმე შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა – ახალშობილი, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები თითქმის ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ, კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევამ საზოგადოებაში დიდი ემოცია და გამოხმაურება გამოიწვია.
„დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია“ – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.
შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებულმა ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა. იგი პოლიეთილენის პარკში მოათავსა და მისი მოშორება განიზრახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ქალი დაკავებულია, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჩადენილი ქმედება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.