მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვუყურებთ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გადატვირთვას
By

მარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვუყურებთ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გადატვირთვას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო ოპტიმისტურად უყურებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას. ამის შესახებ მან პიტერ ანდრეოლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელია.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და რეგიონულ პროექტებს.
„პიტერ ანდრეოლის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა, მისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები გაგვეცნო. ის ასევე იმყოფებოდა პორტის ტერიტორიაზე, სადაც ადგილზეც გაეცნო მიმდინარე პროგრესსა და სახელმწიფოს გეგმებს ამ პროექტთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკულ დელეგაციას დეტალურად გააცნეს საქართველოს როლი შუა დერეფნის მარშრუტში და ქვეყნის ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი სექტორები, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
მინისტრის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოში არსებობს, განსაკუთრებით ისეთ მსხვილ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *