ნატოს ანგარიში: საქართველო ალიანსთან თანამშრომლობას აგრძელებს
By

ნატოს ანგარიში: საქართველო ალიანსთან თანამშრომლობას აგრძელებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელშიც საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა აგრძელებს დახმარების მიღებას ალიანსის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში და თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან კვლავ ვითარდება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებზეც. მოკავშირეებმა ნატოს ჩართულობის მიმართულებებს გადახედეს და პრიორიტეტები ხელახლა განსაზღვრეს, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გარკვეული კომპონენტები. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, წარმატებით ჩატარდა ნატოსა და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ხოლო თბილისში მოქმედი ნატოს სამეკავშირეო ოფისი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის პარტნიორ ქვეყნებთან.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლის განმავლობაში ალიანსის მრჩეველთა ჯგუფი მუშაობას აგრძელებდა ქართველ კოლეგებთან თავდაცვის შესაძლებლობებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გასაძლიერებლად.
„ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილად მიგვაჩნია. თუმცა უნდა ვაღიაროთ ბოლო პერიოდის განვითარებებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ კურსს და გააგრძელოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით ის ტრაექტორია, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა. ამ მხრივ სერიოზული შეშფოთება არსებობს. მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ უმჯობესია ურთიერთობა გავაგრძელოთ და გვქონდეს საკითხების განხილვის შესაძლებლობა, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე ალიანსი მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირთან.

  • No Comments
  • მარტი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *