შალვა პაპუაშვილი: ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობები წლებია გარე დაფინანსებით მიმდინარეობს
„ბოლო 22 წელია ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში. სინამდვილეში, ეს ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ და მასთან დაკავშირებული ანტიეკლესიური კამპანიები წარმოადგენდა გარედან ორგანიზებულ მცდელობებს:
„გუშინ სოციალურ ქსელში გავაზიარე 2004 წლის პატრიარქის ინტერვიუ, სადაც საუბარია იმ პერიოდის მძიმე წელზე. უკვე მაშინ იყო მცდელობები კლიშეებით – ჯერ ანტიდასავლური, შემდეგ პრორუსული, რომ ეკლესია დისკრედიტირებულიყო“.
პაპუაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა გარე დაფინანსება:
„ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. საფრანგეთიდან დაფინანსება მიიღო, მაგალითად, ე.წ. ტოლერანტობის ცენტრმა, რომელიც თითქოს სახალხო დამცველთან იყო დაკავშირებული, სინამდვილეში – ჩვეულებრივი აფერისტობა. ისინი დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით“.
პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა:
„მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა. სამებაში 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი ვნახეთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როცა დაინახა, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია რჩება მთავარ სულიერ საყრდენად ქვეყანაში და მცდელობები, რომლებიც მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა, წარუმატებელია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.