ანსამბლს იუბილე გადაუხადეს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ანსამბლ „ხულოს“ დაარსებიდან 40 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების დასაწყისში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ხსოვნას.
ანსამბლი „ხულო“ 1985 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად 40 წევრისგან შედგებოდა. მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობის შედეგად, ანსამბლმა დაიმსახურა აჭარის სახალხო მომღერლის წოდება და მიენიჭა დამსახურებული სახალხო მომღერლის დიპლომი.
წლების განმავლობაში ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა რაიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე, მრავალი ჯილდო, პრიზი, მედალი და სიგელი დაიმსახურა. ანსამბლს მინიჭებული აქვს ლაურეატის წოდება და საქართველოს კულტურის სამინისტროსგან „სახალხო თვითმოქმედი კოლექტივის დიპლომი“. ანსამბლი „ხულო“ დღესაც აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და აგრძელებს ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღონისძიებებზე.
იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტზე შესრულდა ქართული ფოლკლორის ნიმუშები და ანსამბლის რეპერტუარიდან გამორჩეული ნომრები.
ანსამბლის საიუბილეო კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ ანსამბლ „ხულოს“ საიუბილეო თარიღი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და
ანსამბლის წევრებს მადლობის სიგელები გადასცეს.
თამაზ მგზავრიძე