დავით გაბაიძე : მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. დავით გაბაიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, მის დამფუძნებელს, თანამშრომლებს და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. დავით გაბაიძე უარყოფს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან ახლობლობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება. „დიდი ხანია, ვფიქრობ ამაზე და გუნდთანაც მქონდა კონსულტაციები. უკვე არასრული ათი წელია, ვხელმძღვანელობდი უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, საჭიროა ცვლილებები. რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის გუნდთან კავშირს, კარგად გახსოვთ, მე მანამდე გავხდი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძე დაიკავებდა მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
დავით გაბაიძე გარკვეული დროის შემდეგ უმაღლეს საბჭოს მანდატსაც დატოვებს. მისი თქმით, აქვს სხვა შეთავაზებები, რომლებსაც ამ დროისთვის არ აკონკრეტებს. დავით გაბაიძე ბოლო არჩევნების შემდეგ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ მესამედ იყო არჩეული.