„მუსიკალური ბათუმი – ვანაძორში“
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძის სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვანაძორის შარლ აზნავურის სახელობის კულტურის-სახლში დასკვნითი გალა კონცერტი – „მუსიკალური ბათუმი – ვანაძორში“ გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის საგალობელი, რომელიც უწმინდესის ხსოვნას მიეძღვნა.
სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა. ელისო ბოლქვაძემ დამეგობრებულ ქალაქებს – ბათუმსა და ვანაძორს შორის არსებულ განსაკუთრებულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება და აჭარაში მცხოვრები სომხური დიასპორის კულტურულ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა. მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს, სამინისტროს საქმიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.

გალა საღამოზე აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ სოლო პროგრამით წარსდგა. აჟღერდა ქართული ხალხური, ქალაქური და კლასიკური სიმღერები, შესრულდა ერთობლივი ნომრები ქალაქ ვანაძორის კულტურის ცენტრის ფოლკლორულ ანსამბლთან და კაპელასთან ერთად. ორი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ეროვნულმა ფოლკლორულმა ჰანგებმა და ტრადიციულმა რიტმებმა მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმში სომხეთის გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
გალერეა

