,,თოლია – ჯონათან ლივინგსტონი” – პრემიერა ბათუმის თოჯინების თეატრში
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. დასის რეპერტუარს ახალი სპექტაკლი „თოლია – ჯონათან ლივინგსტონი“ შეემატა. ეს არის შთამაგონებელი ამბავი თოლიაზე, რომელიც არ წყვეტს თავისუფლებისკენ სწრაფვას, განვითარებასა და სრულყოფილების ძიებას. ამერიკელი მწერლის, რიჩარდ ბახის ნოველის მიხედვით სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რეჟისორმა ლელა ჭინჭარაულმა დადგა. თოჯინურ სპექტაკლში მოქმედება პროექციის საშუალებით იყო გადმოცემული. თეატრალური წარმოდგენა სხვადასხვა თაობის მაყურებელმა ნახა და შეაფასა.
პიესის მიხედვით, თოლია ჯონათან ლივინგსტონი არ ეგუება ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ გადარჩენას ემსახურება. მისთვის ფრენა თავისუფლების, თვითშემეცნების და სრულყოფილების ძიებაა. მაშინ, როცა ფრინველთა გუნდი წესებითა და შიშით ცხოვრობს, ჯონათანი ცისკენ მიიწევს – უსაზღვრო გზისკენ, რომელიც ტკივილით, მარტოობითა და აღმოჩენებითაა სავსე. ეს შთამაგონებელი ისტორია გვახსენებს, რომ ნამდვილი საზღვრები გარეთ კი არა, ჩვენს ფიქრებში არსებობს და როცა ვბედავთ, ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები, ფრენა მხოლოდ მოძრაობა აღარ არის – იგი შინაგანი თავისუფლების და თავდაჯერებულობის სიმბოლო ხდება. ეს სპექტაკლი გვამოგზაურებს სამყაროში, სადაც ერთი გაბედული ნაბიჯით იწყება სვლა ახალი სივრცეებისკენ.

– ყველა თეატრალს ვულოცავ თეატრის საერთაშორისო დღეს. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩემი თეატრში მოსვლის შემდეგ პირველი პრემიერა დაიდგა. ვფიქრობ, ბათუმის თოჯინების თეატრს შეემატა კიდევ ერთი კარგი სპექტაკლი, რომელიც უფრო მოზარდებზეა გათვლილი. ვფიქრობ ეს სპექტაკლი თანამედროვედ არის გადაწყვეტილი, უმეტესი დატვირთვა პროექციაზეა, ძალიან ლამაზი და უცხო თოჯინებია. უაღრესად ესტეთიკური სპექტაკლია ჩემი შეფასებით და იმედი მაქვს, აქ მოსულ მაყურებელს მოეწონება, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.

– ჯერ კიდევ 20 წლის წინათ წავიკითხე პირველად ეს ნაწარმოები და იმდენად მომეწონა, რომ ვიცოდი, ოდესმე დავდგამდი. ცხადია, ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ცისქვეშეთში და ჯონათანის აფრენის დრო და რიცხვი ბათუმში დღევანდელი დღე აღმოჩნდა. ვთვლი, რომ ეს თავად აირჩია და ასეც უნდა მომხდარიყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაყურებელი იყოს კმაყოფილი. იმედი მაქვს, რომ მუხტი, რომელიც ამ სპექტაკლშია, ყველას გადაედება და პატარები, ვისაც ჯერკიდევ წაკითხული არ აქვთ, წაიკითხავენ ამ ნაწარმოებს. მგონი, მოვიდა ის დრო, რომ ბავშვები კი არ გავართოთ, არამედ დიდებივით ვესაუბროთ. ეს იყო ჩემი ამოცანაც, რომ მათ ღიად ველაპარაკოთ და მათი ქვეცნობიერი ამას აუცილებლად დაიმახსოვრებს. გაიზრდებიან და გაახსენდებათ, რაც ქვეცნობიერში დარჩათ, – გვითხრა რეჟისორმა ლელა ჭინჭარაულმა.

მარიამ ხითარიშვილი