31 მარტი – სუვერენიტეტის არჩევანი
1991 წლის 31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღად რჩება. ამ დღეს ჩატარებულ საყოველთაო რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებელ და სუვერენულ მომავალს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რეფერენდუმში მონაწილეობდა სრულიად საქართველო – მათ შორის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაც, რაც ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებულ ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
„31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მისი შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება.
„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.