„საქართველოს პასუხი კვლავ არის – დიახ!“
By

„საქართველოს პასუხი კვლავ არის – დიახ!“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 31 მარტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქვეყნის დამოუკიდებლობის გზას აფასებს.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი პერიოდი რთული  და ტრაგიკული გამოცდილებით დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, საქართველომ შეძლო გადარჩენა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.
„დღეს 31 მარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. დღე, როდესაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულმა საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ ერთხმად უპასუხა ისტორიულ კითხვას, გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
ამ კითხვაზე საქართველოს ყველა კუთხემ, საქართველოს ყველა შვილმა ერთხმად თქვა – დიახ!
31 მარტი ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ადამიანის, რომელმაც რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დღეს უკვე მისი სახელობის დარბაზში გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისი სახელი სამუდამოდ დაუკავშირა ქართული სახელმწიფოს ხელახალ დაბადებას.
ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, დანაღმული, ვიწრო და მრავალი ტრაგიკული დღით აღსავსე. სახელმწიფოებრიობის წყვეტამ, იმპერიის ნგრევამ, ეკონომიკურმა კოლაფსმა, ადამიანურმა ამპარტავნებამ, შიდა გაუტანლობამ და ბევრმა სხვა მძიმე ფაქტორმა ამ გზაზე თავისი კვალი დატოვა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით. საქართველო გადარჩა.
ჩვენ არამხოლოდ გადავრჩით, ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა, დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი თავისუფლება. დავიცავით არა იმპერიების მხარეს დგომით, არამედ საკუთარი ქვეყნის მხარეს ყოფნით. დავიცავით არა ახალი პატრონის ძიებით, არამედ დამოუკიდებლობის მძიმე ტვირთის ზიდვით, საკუთარ სარკეში ჩახედვით და თვალის გასწორებით იმ კითხვასთან, თუ ვინ ვართ, რანი ვიყავით და ვინ ვიქნებით“, – წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა და ეს გზა დასრულებული არ არის.
„აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, სრულიად შეცვლილ გეოპოლიტიკურ სამყაროში ასაგებია ახალი ურთიერთოებები, საზრუნავია დემოგრაფიაზე, გასაზრდელია ეკონომიკა, გვჭირდება დაუღალავი შრომა, სიმტკიცე და სახელმწიფოებრივი სიბრძნე. მაგრამ ყველაზედ მეტად, დღესაც და ყოველთვის, გვჭირდება ერთიანობა, გვჭირდება ერთსულოვნება, გვჭირდება მკაფიო გაცნობიერება იმისა, თუ რა არის ჩვენი ერის სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველამ ერთად და განუხრელად უნდა დავიცვათ.
საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირველესობაზე დღესაც გვჭირდება ისეთივე ერთობა, როგორც 35 წლის წინ, 31 მარტს გვქონდა, რადგან კითხვა, რომელიც მაშინ დაისვა, სინამდვილეში, დღემდე ძალაშია. ის მუდმივად დგას ჩვენი ერის წინაშე, მუდმივად არის არჩევანი და მუდამ მოიძებნებიან ძალები, რომლებიც ამ არჩევანის გადახედვას ეცდებიან.
გვსურს თუ არა, რომ შენარჩუნდეს საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა, თავისუფლება და ერთიანობა? სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობის სულისკვეთება, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა მამებმა და ყველა თაობამ ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ სულისკვეთებას და არ მივცემთ არცერთ მაცდ                             ურსა და ავის მოსურნეს ჩვენი ისტორიული არჩევანის რევიზიის საშუალებას, რადგანაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კითხვაზე ჩვენი პასუხია – დიახ!“ – წერს პაპუაშვილი.

  • No Comments
  • მარტი 31, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *