შეთავაზებები, რეფორმები და ახალი შესაძლებლობები -აბიტურიენტებისთვის
By

შეთავაზებები, რეფორმები და ახალი შესაძლებლობები -აბიტურიენტებისთვის

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დასავლეთ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მონაწილეობით, ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებამ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მისცა, ახლოდან გაცნობოდნენ მათთვის სასურველი უნივერსიტეტების პროგრამებსა და შეთავაზებებს, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია და უკეთ გაეკეთებინათ მომავალი პროფესიის არჩევანი.

დამსწრე ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა, არამედ განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებაც.

– მე და ჩემს მეგობრებს გვსურს, მოვისმინოთ მინისტრ გივი მიქანაძის მოსაზრება, თუ როგორია განათლების განვითარების პერსპექტივა. პირადად მე მინდა ჩავაბარო საზღვაო აკადემიაში ინგლისურ სექტორზე და მაინტერესებს, რაიმე ცვლილებები თუ იქნება. მაგალითად, იქ, სადაც ვაბარებ – ინგლისურ სექტორზე, არის 25 ადგილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაემატა 50 ადგილი, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ძალიან მინდა ამ კითხვაზე პასუხის მიღება. ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ, გახდეს სტუდენტი და მიიღოს ხარისხიანი განათლება, – გვითხრა რატი მახარაძემ ღია კარის დღის დაწყებამდე.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ სიახლეებს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ ჩვენთან საუბარში სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ბსუ-ის მომავალ სტუდენტებს ელოდებათ.

– მოგეხსენებათ, გამოცხადდა რეგისტრაციის ვადები, შესაბამისად, ეს არის პირველი ღია კარის დღე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო. დღეს წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს უნივერსიტეტები, უმეტესად, აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლები, ასევე, პროფესიული მიმართულების დაწესებულებები, რომლებიც აბიტურიენტებს აცნობენ, რა პროგრამები აქვთ, რამდენკრედიტიანია ისინი და რატომ უნდა დაინტერესდნენ მათი სასწავლებლებით. სასიამოვნო სიახლეა ის, რომ გაგვეზარდა აბიტურიენტთა მიღების კვოტა და დაახლოებით 650-ით მეტ სტუდენტს მიიღებს. შესაბამისად, უნივერსიტეტი მზად არის, სექტემბრიდან სტუდენტებს შესთავაზოს ინოვაციები და ახალი მიმართულებები. მოგეხსენებათ, რეფორმის ფარგლებში გარკვეულწილად, შეიცვალა პროგრამები – ზოგი ოთხწლიანი პროგრამა სამწლიანად გარდაიქმნა, ხოლო მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა. მაგალითად, თუ სტუდენტს სურს მიიღოს როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრის ხარისხი, ჯამში ისწავლის 4 წელს, ხოლო თუ სურს სწავლა სამეცნიერო მიმართულებით გააგრძელოს, დაამატებს კიდევ ერთ წელს. გვაქვს კარგი ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიურად გამართული აუდიტორიები, ლაბორატორიები და კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საგანმანათლებლო სივრცეებთან. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, სტუდენტი, რომელიც აირჩევს ბსუ-ს, ჩამოყალიბდება მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად. რეფორმა, ცხადია, მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში, გაუმჯობესდეს განათლებისა და სწავლების ხარისხი, ასევე, რა თქმა უნდა, მეცნიერების, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმაც, რომელმაც აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

„დღეს გამორჩეული დღეა და ის ინტერესი, რომელიც გამოხატეს ჩვენმა აბიტურიენტებმა, ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება განათლების რეფორმის ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინიციატივა, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებას უკავშირდება, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები, რაც მაღალი დაინტერესებისთვის წინაპირობას ქმნის. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ აბიტურიენტებს მისცემს მეტ რწმენას და დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში. მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო სექტემბერში სტუდენტის სტატუსის მოპოვება, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმასა და მიმდინარე სიახლეებზე.
მისი თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყებს ღია კარის დღეებს, რომლის მიზანია, საზოგადოებას, განსაკუთრებით აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს, დეტალურად მიეწოდოს ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ეროვნულ გამოცდებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც წელს პირველად სთავაზობენ ახალგაზრდებს.

„მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ის ახალგაზრდები, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხებიან, სრულიად უფასოდ ისწავლიან, სახელმწიფო უზრუნველყოფს ასპროცენტიან დაფინანსებას. ამასთანავე, კვოტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში განისაზღვრა ბაზრის კვლევის საფუძველზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენს სამინისტროსთან და ბიზნესსექტორთან ერთად ჩაატარა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღია კარის დღეზე წარმოდგენილი იყო პროფესიული სასწავლებლების, როგორც სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების, ასევე, კერძო დაწესებულებების სტენდები. ჩვენ სახელმწიფოს დაფინანსებით, სრულიად უფასოდ, დამატებით 10 600 ადგილს ვთავაზობთ აბიტურიენტებს, თუკი ისინი დაგროვილი ქულებით ეროვნულ გამოცდებზე ვერ მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში, მაგრამ გადალახავენ მინიმალურ ბარიერს. ორშაბათიდან გაიხსნება სარეგისტრაციო სისტემა, რომელიც აბიტურიენტებს 11 მაისის 18:00 საათამდე მისცემს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ ეროვნულ გამოცდებზე და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში მათ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ სულ მცირე სამი პროფესიული მიმართულება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროფესიული სექტორის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა, პირველად ხორციელდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო სთავაზობს აბიტურიენტებს სრულ დაფინანსებას 21 600 ადგილზე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში და ამას ემატება 10 600 უფასო ადგილი პროფესიულ სასწავლებლებში, ეს ნიშნავს, რომ ჯამში 32 ათასზე მეტი ადგილის დაფინანსებას ვახორციელებთ წელს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი ცხადი მაგალითი იყო იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების, ასევე პროფესიული სასწავლებლების მიმართ. მსგავსი ღია კარის დღეები და კამპანიები გაიმართება დასავლეთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით აბიტურიენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ სრულფასოვან ინფორმაციას იმ პროგრამების შესახებ, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები სთავაზობენ მათ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • აპრილი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *