პარლამენტში ახალ კანონპროექტს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილება, რომელიც წვევამდელთა გაწვევის წესებს ამკაცრებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტს დღეს, 6 აპრილს, პირველი მოსმენით თავდაცვის კომიტეტში განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ დროებით მყოფი წვევამდელები ვალდებული იქნებიან, ჯარში გაწვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაბრუნდნენ საქართველოში და გამოცხადდნენ შესაბამის კომისიაში.
ცვლილებები შედის როგორც „თავდაცვის კოდექსში“, ასევე, კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ეხება შეტყობინების ჩაბარების წესს – თუ წვევამდელს უწყება პირადად არ ჩაბარდა, ის გამოქვეყნდება შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა და გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია:
„პირი ვალდებული იქნება შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში“.
ასევე, განისაზღვრება იმ ოჯახის წევრთა წრე, რომლებისთვისაც შესაძლებელი იქნება უწყების ჩაბარება. ეს საკითხი მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.
ცვლილების შედეგად, უწყების ჩაუბარებლობა ვეღარ გახდება პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საფუძველი, ხოლო შესაბამისი ჩანაწერის ცვლილება კანონში, ფაქტობრივად, ავალდებულებს საზღვარგარეთ მყოფ გაწვევის ასაკის მოქალაქეებს, დაბრუნდნენ საქართველოში.