„დავდექი იქ, სადაც ქართველი ხალხი იდგა“
იოანე (ზურა) ბერიძე თადარიგის პოლკოვნიკია. ქვეყნის სამსახურს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას წლები შეალია. მის ბიოგრაფიას 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში მონაწილეობა ალამაზებს. იგი ამ მოვლენასა და შემდეგ განვითარებულ პროცესებზე გვესაუბრება.
– სპეციალობით იურისტი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამსახურში ჩავდექი. ჩემთვის მიუღებელი იყო ის იმპერიული პოლიტიკა, რომელიც ერს 70 წლის განმავლობაში თავს მოგვახვიეს.
იმ აქციების ხშირი მონაწილე ვიყავი, რომელსაც ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა უძღვებოდნენ. ჩემი თაობის სტუდენტები ერთმანეთს ვამხნევებდით. ასე იყო 1989 წლის 9 აპრილის ღამესაც. ამ დროს შსს ორგანოებში ვმუშაობდი. როგორც კი დაიწყო ეს მოძრაობა, დავდექი იქ, სადაც ქართველი ხალხი იდგა, სადაც საქართველოს, მომავალი თაობის ბედი წყდებოდა. 9 აპრილი ერის გამოღვიძებისა და გამოცოცხლების დღედ იქცა.
– ასლან აბაშიძის რეჟიმის წლებს როგორ შეაფასებთ?
– ასლან აბაშიძის 13-წლიანი მმართველობის ყველაზე დადებითი მხარე ის იყო, რომ აჭარა „მხედრიონელების“ თარეშს გადაურჩა, მაგრამ ბოლო წლებში ეს მმართველობა კუთხურ სეპარატიზმში გადავიდა და ლამის ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირებამდე მიგვიყვანა.
– მართლმადიდებლობას ეზიარეთ, თადარიგის პოლკოვნიკმა სტიქარი მოირგეთ. . .
– მე იმ სოფლის – ჯალაბაშვილების მკვიდრი ვარ, რომლის სიახლოვესაა დანდალოს თაღოვანი ხიდი. ის მტკივნეული დროც იყო, როცა ქრისტეს რჯულის მიმდევარ ადგილობრივებს თავებს ჭრიდნენ და ცხედრებს ხიდიდან მდინარე აჭარისწყალში ყრიდნენ… სწორედ 9 აპრილისა და შემდგომ განვითარებული პროცესების დამსახურებაა, რომ 2000 წელს მართლმადიდებლობას ვეზიარე. გადავწყვიტე, სიღრმისეულად ჩავწვდომოდი ქრისტეს სჯულს, წავედი მთიან აჭარაში, სხალთის ეპარქიაში, იქ, სადაც ქრისტეს მოციქულები 37 წელს შემობრძანდნენ, დიდაჭარაში ტაძარი ააგეს და სახარება იქადაგეს. მეუფე სპირიდონის კურთხევით, სტიქაროსანი ვარ. წელს 20 წელი სრულდება, რაც ეპარქიას მეუფე სპირიდონი უძღვება. მადლობა მას, ჩემს მოძღვარ მამა იოანეს. იგი ჯალაბაშვილებელი ჩხუბაძეების შთამომავალია. მეუფის ლოცვა-კურთხევით და მამა იოანეს დამსახურებით, ჩემ მსგავსად მრავალი ჯალაბაშვილებელი დაუბრუნდა წინაპრების მრწამსს. სოფლის უხუცესი ადამიანებიც კი ინათლებიან და ჯვარს იწერენ. ჩემი სოფლის მკვიდრები განათლებას ხიჭაურის უნივერსიტეტში იღებენ. მადლობა ყველა იმ მღვდელმსახურს, ვინც დღედაღამ მუხლმოდრეკილი ლოცულობს.
– რაა მთავარი, რომ ერმა ოჯახური ტრადიციები შეინარჩუნოს?
– ჩვენ დიდი ისტორიისა და ადათ-წესების ქვეყანა გვაქვს. სწორედ ოჯახისადმი ერთგულებამ გამოგვატარა 27 საუკუნე და დღემდე მოგვიყვანა. ჭეშმარიტი და მართლმადიდებელი ქართველისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება. მომხდურებმა ცეცხლითა და მახვილით სცადეს მართლმადიდებლობის წართმევა, მაგრამ ვერ გადაგვაშენეს და ახლა რა გვემართება, როცა უსამშობლოების კარნახს უსმენს ზოგიერთი. მე ვერ შევეგუები ისეთ მეგობარს, რომელიც ეკონომიკურად მაღარიბებს და სულიერად მჩაგრავს.
– ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
– დღესდღეობით, საქართველოს საავიაციო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ, მაგრამ როგორც კი დროს ვპოულობ, სასოფლო-სამეურნეო მუშაობით ვარ დაკავებული, არ ვთაკილობ შრომას. მიხარია და მეამაყება, რომ შვილებმა, შვილიშვილებმა ქვეყნისა და ოჯახის ფასი იციან. მშობლიური ჯალაბაშვილები მეწყრული პროცესების ზონადაა გამოცხადებული, მაგრამ მის მიტოვებას არ ვფიქრობთ. როგორ უნდა დატოვო ისეთი სოფელი, სადაც ვაზი, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უხვ მოსავალს იძლევა. მეც ფერმერულ მეურნეობას ვერ ველევი. მიყვარს სოფელი. აქ უკვე რამდენიმე ტურისტული ობიექტია, საოჯახო სასტუმროებიც გამართეს, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი. სხვისი იმედით არ უნდა ვიყოთ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა
