ბათუმის ბულვარში სამი უნებართვო ობიექტი დაანგრიეს
ბათუმის ძველ ბულვარში, ფიჭვნარის ზონაში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული შენობა-ნაგებობა ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად შედიოდა სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში. ამასთანავე, კაფე-ბარს ამოწურული ჰქონდა საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული სანებართვო ვადაც.
გამოთავისუფლებული სივრცე პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება და კვლავ ფიჭვნარის ზონად ჩამოყალიბდება, რაც ბულვარის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს.

***
ბათუმის ბულვარში, იახტკლუბთან, კიდევ ერთი უნებართვო კომერციული ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. სამუშაოები ნაწილობრივ მუნიციპალური ინსპექციის სპეციალური ტექნიკით განხორციელდა, კონსტრუქციის ნაწილი კი თავად მეპატრონემ დაშალა.
დემონტაჟის შემდგომ, ტერიტორია მოწესრიგდა და სამშენებლო ნარჩენებისგან გათავისუფლდა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 უსახური და უნებართვო კომერციული ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა.


***
ბათუმის ბულვარის კოლონადებთან მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მდებარე კვების ობიექტის სადემონტაჟო სამუშაოები ბათუმის ბულვარის მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამშენებლო ნარჩენების გატანა და არსებული ტერიტორიის მოწესრიგება.
უსახური და უნებართვო ობიექტებისგან ბულვარის გათავისუფლების პროცესი ემსახურება კანონის დაცვას, რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული დასასვენებელი გარემოს შექმნას.
