დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ გაცემული გარკვეული სახსრები გრანტად აღარ ჩაითვლება
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტის სტატუსს კარგავს. შესაბამისი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. დოკუმენტის მიხედვით, გრანტად აღარ მიიჩნევა ის ფინანსური რესურსები, რომლებიც დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაიცემა და ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უკავშირდება უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ თუ საჯარო ინტერესებს, მიდგომებსა და ურთიერთობებს.
კანონპროექტის განმარტებით, ბარათში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები, ისევე, როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, თავისი არსით ემსახურებიან წარმგზავნი სუბიექტის ინტერესების დაცვასა და გატარებას მასპინძელ სახელმწიფოში. შესაბამისად, მათ საქმიანობაში ხშირად წამყვან როლს სწორედ ამ სუბიექტების პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები იკავებს.
დოკუმენტის ავტორების შეფასებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს გრანტის გამცემი სუბიექტის განსაზღვრა და გრანტად არ ჩაითვალოს ის სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია დიპლომატიური წარმომადგენლობების უშუალო საქმიანობასთან და გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური ძალების ინტერესებიდან.
ამასთან, განმარტებით ბარათში ხაზგასმულია, რომ მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ ურთიერთობებს პირდაპირ არ არეგულირებს, თუმცა ერთგვაროვანი განმარტებისა და პრაქტიკის უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიიჩნევა შესაბამისი დაზუსტებების შეტანა.