რკინიგზის მასშტაბური განახლება – ახალი მატარებლები და შემცირებული მგზავრობის დრო
By

რკინიგზის მასშტაბური განახლება – ახალი მატარებლები და შემცირებული მგზავრობის დრო

მთავრობა საქართველოს რკინიგზის სისტემის განახლებას გეგმავს, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლებას. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს რკინიგზის მიერ შემუშავებული 2026–2028 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 50 ახალი ლოკომოტივისა და 1500 ვაგონის შესყიდვას, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატებას. პარალელურად, დაინერგება თანამედროვე სარკინიგზო სისტემები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოპერაციო პროცესებს და გაზრდის გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, მგზავრთა წლიური გადაყვანის მაჩვენებელი 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო მაგისტრალურ მიმართულებებზე გადაადგილება სრულად ახალი მატარებლებით განხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, იგეგმება თბილისი-ქუთაისის ახალი მიმართულების დამატება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მგზავრობის დრო 5.5 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. ამავე პერიოდში დასრულდება თბილისი-ახალციხის ხაზის რეაბილიტაციაც – აღდგება 2009 წლიდან შეწყვეტილი რეისი და გადაადგილების დრო 6 საათიდან 3 საათამდე შემცირდება.
„საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026 -2028 წლების სამოქმედო გეგმა. დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგად გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე, შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს. ამის შედეგად, ყველა მაგისტრალური რეისი შესრულდება ახალი მატარებლებით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *