ეკონომიკური კურსი – ახალ ეტაპზე
საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს ინსტიტუციური რეფორმებით, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლებით და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის გაუმჯობესებით. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
შეიქმნება ახალი ინსტიტუცია – ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე ჩამოყალიბდება და სხვადასხვა სტრუქტურის ფუნქციებს გააერთიანებს.
„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე, განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის, ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკური რეფორმების პარალელურად, მთავრობის შეფასებით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება სახელმწიფო კომპანიების მართვაც. ამის მაგალითად სახელდება „საქართველოს ფოსტა“, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანიდან მომგებიან კომპანიად გარდაიქმნება.
„განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში დაიზოგება 3,5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე, შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები დაბრუნდება „საქართველოს ფოსტაში“, რის შედეგადაც, ყოველწლიურად, „საქართველოს ფოსტას“ დაემატება 14,2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი. აღდგა ასევე, საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. დასრულების ეტაპზეა ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი, განახლდა ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად, დაიზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები. შედეგად, საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან „საქართველოს ფოსტა“ ყოველწლიურად ხუთ მილიონ ლარზე მეტ დამატებით შემოსავალს მიიღებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველა ამ ცვლილების შედეგად, „საქართველოს ფოსტა“, რომელმაც შარშანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება საქართველოს ფოსტაში“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განცხადებით, დადებითი ტენდენციები ფიქსირდება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც.
„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდის მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე, გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლო მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით ოთხჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38-1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში, 2021-2025 წლებში, ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.