შრომითა და სიკეთით განვლილი გზა
By

შრომითა და სიკეთით განვლილი გზა

იაშა გოჩიტიძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც საკუთარი შრომითა და ცოდნით გაიკაფა ცხოვრების გზა და მრავალ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი. ტბეთელი ფიქრიე ველიაძისა და შირინ გოჩიტიძის მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ყმაწვილი ბავშვობიდანვე შრომის ფასს ეზიარა. მთის სოფელში ადამიანს ადრევე უყალიბდება პასუხისმგებლობის გრძნობა, თანადგომის უნარი. სწორედ ეს თვისებები გაჰყვა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. პროფესიით იგი მშენებელი ინჟინერია, ადამიანი, რომლის საქმეც არის შენება, შექმნა, მაგრამ ბატონი იაშას შემთხვევაში, ეს სიტყვა უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს. მან ააშენა არა მხოლოდ შენობები, არამედ ადამიანის იმედიც და მომავლის რწმენაც, – ასე შეაფასა იაშა გოჩიტიძე მისი 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე ა(ა)იპ „მწიგნობარის“ დირექტორმა მანანა წულუკიძემ.

იუბილარს მიესალმნენ კოლეგა ელიზბარ ვარშანიძე, და – აიშე გოჩიტიძე (საღამოს ორგანიზატორი), ძმები იაშა და თამაზი, დისშვილები ლია და ლელა ფუტკარაძეები, ახლობელი გურამ ველიაძე, მერაბ ფარტენაძე, რომელმაც იუბილარს და მეგობარს საჩუქრად ბინა გადასცა, ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ დავითაძე.

იაშა გოჩიტიძე 1974-1982 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1985 წელს მოღვაწეობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბათუმის მეხუთე სამშენებლო ტრესტში. შემდგომ წლებში მისი საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.

1989-1991 წლებში იყო საქართველოს სოფლის ენერგომშენის რკინა-ბეტონის საამქროს დირექტორი, ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან საწარმოო პროცესებს და მართავდა მრავალწევრიან კოლექტივს. მან მალევე გამოავლინა ორგანიზატორული უნარი და სამეწარმეო ინიციატივა. 1992-1999 წლებში დააფუძნა რკინა-ბეტონის საამქრო, სადაც თავადვე გახლდათ დირექტორი. აქ წარმოებული სამშენებლო მასალები მნიშვნელოვანი იყო რეგიონში მიმდინარე მშენებლობებისთვის. შემდგომ წლებში საქმიანობა კიდევ უფრო განავითარა. 1999-2014 წლებში იყო შპს ,,ბოლდერის” დამფუძნებელი და დირექტორი, ხოლო 2016 წლიდან ხელმძღვანელობს შპს,,ბალავარს“. მისი ხელმძღვანელობით მრავალი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტი განხორციელდა როგორც აჭარაში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2019 წლიდან განხორციელებული პროექტები, მათ შორის: ბათუმის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქცია, თხევადი გაზის ტერმინალის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, 2007-2008 წლებში – ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის რეკონსტრუქცია და ზეთის ქარხნის მშენებლობა. აქვე უნდა ითქვას, რომ იაშა გოჩიტიძის საწარმოს ჩართულობით, სოფელ წეროვანში, ლტოლვილებისთვის აშენდა 273 საცხოვრებელი სახლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზები.

იაშა გოჩიტიძე დიდ ყურადღებას უთმობდა ადგლობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და ახალი სპეციალისტების აღზრდას. იგი ცნობილია, როგორც ქველმოქმედი და საზოგადოების სიკეთეზე მზრუნველი ადამიანი. სხვადასხვა დროს აფინანსებდა კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებს, ცალკეული ავტორების წიგნების გამოცემას.

მეუღლე რუსუდან ფარტენაძესთან ერთად აღზარდა ორი ვაჟი – ლევანი და რაული, ჰყავს ექვსი შვილიშვილი. იაშა გოჩიტიძის ცხოვრება და საქმიანობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ცოდნით, შრომითა და მიზანდასახულობით ადამიანმა მნიშვნელოვანი საქმეები აკეთოს, სარგებელი მოუტანოს საკუთარ კუთხეს და მრავალი ადამიანის ცხოვრებაში კეთილი კვალი დატოვოს.

იუბილარმა საღამოს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • აპრილი 8, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *