9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
By

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აჭარის მთიანეთის სამივე მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

დაბა ქედაში, რამდენიმე წლის წინ, 9 აპრილის ხეივანი მოაწყვეს. მას შემდეგ ეს ტერიტორია პატივგებისა და ხსოვნის ადგილად იქცა. ქედელები საპატიო სტუმრებთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად, ყოველი წლის 9 აპრილს მოდიან აქ, გვირგვინითა და ყვავილებით ამკობენ მემორიალს. ასე იყო წელსაც. ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

დეკანოზმა ევდემოზმა (ალელიშვილი) დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

***

1989 წლის მაისში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რიკიხეთის უბანში, 9 აპრილის ხსოვნის წყარო აკურთხა. იმ დღიდან მოყოლებული, ეს ტერიტორია შუახეველთა საყვარელ ადგილად იქცა. ხსოვნის ხეივანს სპორტული კერები და სხვა ინფრასტრუქტურა შეემატა. ყოველი წლის 9 აპრილს შუახეველები აქ ყვავილებით მოდიან და დაღუპულებს იხსენებენ.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ და სხვებმა 9 აპრილის მნიშვნელობასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

 

***

9 აპრილის აქციის მონაწილეები იყვნენ ხულოელი სტუდენტებიც. რამდენიმე მათგანი კიდეც დაზარალდა. არაა გასაკვირი, რომ ამ დღეს აქაურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

საზოგადოების წარმომადგენლებმა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

 ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • აპრილი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *