„რა სასაცილოდ უხარია ოპოზიციას მათი ვითომ კერპი ტრამპის ფავორიტის, ორბანის დამარცხება“
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხებამ და პეტერ მადიარის გამარჯვებამ ისევ წარმოქმნა საქართველოში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები. ოპოზიცია ზეიმობს და აცხადებს, რომ უნგრეთში განვითარებული პროცესები შესაძლოა პირდაპირ აისახოს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზეც, განსაკუთრებით – ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. მათი შეფასებით, „ოცნების“ მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულება შეიძლება მნიშვნელოვნად გამკაცრდეს და კვლავ აქტუალური გახდეს პერსონალური სანქციების საკითხი.
„უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, უნგრეთში ფუნქციონირებს დემოკრატიული ინსტიტუტები, უნგრეთში არსებობს დიდი პოლიტიკური კულტურა, ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო დიდი, ვიდრეს ეს საქართველოს გააჩნია და უნგრეთში, მათ შორის, საარჩევნო, ინსტიტუტები აბსოლუტურად სხვაგვარად ფუნქციონირებს. ამიტომ, რაც აუცილებელია საქართველოსგან, ეს არის მოსახლეობის კიდევ უფრო ინფორმირებულობა იმაში, რომ რუსული გზა არის საქართველოსთვის დამღუპველი“, – ამბობს საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი.
ამასთან, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთში დემოკრატიული ძალების გამარჯვება „ტექტონიკურ ცვლილებას“ წარმოადგენს ევროპის პოლიტიკაში და პირდაპირ გავლენას მოახდენს „ოცნების“ ხელისუფლების პოზიციებზე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გახარებული ეხმაურება უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და წერს, რომ ივანიშვილს და „ოცნებას“ მამა „გარდაეცვალა“ ორბანის სახით.
ამ ადამიანებისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა უნგრეთის ახლად არჩეული პრემიერის პეტერ მადიარის განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში და გავლენას არ მოვახდენთ თქვენს ქვეყანაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში არჩევნებზე, ეს ჩვენი სტილი არ არის“… ხოლო კითხვაზე, როგორია მისი გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით, გააგრძელებს თუ არა უნგრეთის ახალი მთავრობა ჩვენთან თანამშრომლობას და ექნება თუ არა „ოცნების“ მთავრობასთან ახლო ურთიერთობა, მადიარმა უპასუხა: „ზოგადად, მინდა, ვთქვა, რომ თუ ვიქტორ ორბანის მთავრობას რომელიმე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, არ ნიშნავს, რომ უნგრეთის ურთიერთობები „ტისას“ მთავრობის დროს გაუარესდება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ თუ უნგრეთსა და კონკრეტულ ქვეყანას შორის ურთიერთობები ცუდი იყო, ახლა ისინი გაუმჯობესდება. ვფიქრობ, ყველას ინტერესებშია, რომ მშვიდობიანად ვიმუშაოთ ერთად ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების მისაღწევად. ძალიან მოხარული ვიქნები, რომ თბილისსა თუ სხვაგან გესტუმრებით და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას“.
ოპოზიციის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მადიარმა რუსეთთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. „რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, რადგან უნგრეთისა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება და ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება“, – აღნიშნა პიტერ მადიარმა. მისივე განცხადებით, უნგრეთში „პროუკრაინული მთავრობა არავის სურს, ყველას პროუნგრული მთავრობა ურჩევნია“.
უნგრეთის მომავალი პრემიერის თქმით, მისი ქვეყანა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს: „შეუძლებელია, რომ ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია“.
ამასთან, მადიარმა ისიც თქვა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. გარდა ამისა, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს რუსული ნავთობის შეძენას, მაგრამ ამავდროულად, შეეცდება ენერგორესურსების შესყიდვების დივერსიფიკაციას.
ამ თემაზე გთავაზობთ პარტია „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის კომენტარს:
„და მაინც, ვეცადოთ, ჩავწვდეთ „აკაცუკთა სიჩლუნგეს“, ანუ მათ „უნგრულ სიხარულს“. ამ შეფასებაში ობიექტური ვიქნები, ვინაიდან ვერც არჩევნების წინ, ვერც არჩევნების მსვლელობისას ვერ იპოვით ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ, ან არჩევნების შედეგების პროგნოზის ამსახველ, ჩემ მიერ დაწერილ ვერც ერთ სტატუსს… არადა, წერა რომ მიყვარს და ვერავინ დამასწრებდა – ამაში შევთანხმდეთ. არ ვწერდი ორი მარტივი მიზეზის გამო: 1) საქართველოზე ნებისმიერი შედეგი ვერ აისახებოდა უარყოფითად და 2) ბრიუსელისთვის ორბანის დამარცხება შესაძლოა პიროსის გამარჯვებად იქცეს. ასეა თუ ისე – არჩევნების შედეგი ცნობილია და ამით ცენტრალური ევროპა საბოლოოდ ტოვებს პოლიტიკური რომანტიზმის ეპოქას, როდესაც საგარეო პოლიტიკა ლოზუნგებზე, მორალურ დეკლარაციებსა და ბრიუსელის საერთო კურსისადმი დემონსტრაციულ ლოიალობაზე იყო აგებული. მის ადგილს იკავებს ცივი ეროვნული გათვლა: ყოველი მთავრობა – ლიდერთა გვარების მიუხედავად – იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ცვლილება ისეთ ქვეყნებში, როგორიც უნგრეთია, არ ნიშნავს თავად ქცევის ლოგიკის შეცვლას: ახალ კაბინეტს შეუძლია, უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება – არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები.
აქედან გამომდინარეობს ბრიუსელისთვის მეორე, გაცილებით მტკივნეული შედეგი: ერთიანი დისციპლინის მექანიზმი, დიდი ალბათობით, სწორედ ამ შედეგით შიგნიდან დაიშლება. დიახ, უნგრული ხმაურიანი ვეტოები შეიძლება შემცირდეს, გაქრეს პერსონალიზებული კონფრონტაცია, მაგრამ ეს ძველ ევროპულ მონოლითობას ვერ აღადგენს, პირიქით – წინააღმდეგობა უბრალოდ, საჯარო ფორმიდან ფარულში გადავა: რეგიონის ქვეყნები სულ უფრო იშვიათად დაბლოკავენ გადაწყვეტილებებს ღიად, მაგრამ სულ უფრო ხშირად ჩაშლიან მათ შესრულების, გაჭიანურების, საბიუჯეტო შეთანხმებებისა და შიდა დათქმების დონეზე.
პარადოქსი ის არის, რომ თავად ბრიუსელისთვის ვიქტორ ორბანის ფიგურა დიდი ხნის განმავლობაში მოსახერხებელი ფარი იყო: სანამ ბუდაპეშტი მრავალმილიარდიან დახმარების პაკეტებს ბლოკავდა, ევროპულ ცენტრს შეეძლო უნგრულ ვეტოზე მიეთითებინა და აერიდებინა უსიამოვნო სიმართლის აღიარება – ევროკავშირს არც თავისუფალი 90 მილიარდი აქვს და არც პოლიტიკური მზაობა, ასეთი თანხები უმტკივნეულოდ ამოიღოს საკუთარი ეკონომიკებიდან. თუ ახალი უნგრული ხელისუფლება ამ დაბრკოლებას მოხსნის, ბრიუსელი ბევრად უფრო სახიფათო რეალობის წინაშე აღმოჩნდება: ან სასწრაფოდ უნდა მოძებნოს ფული, რომელიც არ არსებობს, ან საჯაროდ აღიაროს საკუთარი უკრაინული რიტორიკის საზღვრები.
მთავარი კი ისაა, რომ ევროპა სტრატეგიული თვითშეზღუდვის ფაზაში შედის: უკრაინის უპირობო მობილიზაციის ეპოქა იწურება არა იმიტომ, რომ ვიღაც „რუსეთის მხარეს გადავიდა“, არამედ იმიტომ, რომ თავად ევროპული სისტემა ვეღარ უძლებს ამ კურსის ფასს. უახლოეს წლებში რეგიონის მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი იქნება არა გამარჯვება, არა ღირებულებები და არა ისტორიული მისია, არამედ გადარჩენის მშრალი ფორმულა: ნაკლები ვალდებულება, ნაკლები რისკი, ნაკლები სხვისი კრიზისი საკუთარი ხარჯით. სწორედ ეს არის ახალი წესრიგი – მკაცრი, ცინიკური და უკიდურესად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული. ასე რომ, თუ ვინმე ამიხსნის „აკაცუკების ეიფორიას“ – მადლობელი დავრჩები.
გია აბაშიძე, ანალიტიკოსი:
„რა სასაცილოდ უხარია ოპოზიციას მათი ვითომ კერპი ტრამპის ფავორიტის, ორბანის დამარცხება და ევროკრატიის მხარდაჭერილი მადიარის გამარჯვება; ის ინსაიდერული წრიდან, ქარიზმატული ლიდერია და ნაცოპოზიციაში მსგავსი არის ვინმე? ვერც იქნება. სხვადასხვა წლებში ბუდაპეშტელი, ამჟამად 45 წლის მადიარი ორბანის მთავრობაში იყო იუსტიციის მინისტრი და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბანკების მმართველი. სანამ უნგრეთის მომავალი პრემიერის გამარჯვების და ორბანის დამარცხების მიზეზებს მოკლედ აღვწერ, ვიტყვი – ნაცოპოზიციაში ჰყავთ „ოცნებიდან“ წამოსული თუ გაგდებული „მუჟიკი“ კანდიდატი?
მთავარი – თუკი პეტერ მადიარი ბრიუსელის სამარცხვინო ფერხულში ჩაერთვება, საქართველოს ე.წ. სანქციობანაში, მით უფრო მყარი იქნება ჩვენი საზოგადოება, მჩხავანა ნაცმარგინალები ვის ადარდებს?
გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საიმედო საქართველო გაფართოებად შუა დერეფანში ის საკვანძო ქვეყანაა, რომელთანაც უნდა იმეგობრო, თუკი საღად აზროვნებ და არა „კაია კალასობ“.
რატომ გაიმარჯვა პეტერ მადიარმა – ძირითადი ფაქტორები:
მან, როგორც შინაურმა, ორბანის პარტია „ფიდესში“ არეულობა გამოიწვია და წარმატებით გააერთიანა ფრაგმენტირებული ოპოზიცია. მისი პარტია „ტისა“/TISZA („პატივისცემა და თავისუფლება“) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინსტიტუციური რეფორმების პლატფორმაზე აწარმოებდა კამპანიას, მიმართავდა ამომრჩევლებს, რომლებიც ადრე იმედგაცრუებულნი იყვნენ არსებული ოპოზიციით. არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა – 77.8% დაფიქსირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უნგრეთში კომუნიზმისგან 1989 წელს გადასვლის შემდეგ. ეს ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციამ წარმატებით იმუშავა მდუმარე ინდიფერენტულებში და ახალგაზრდებში.
მადიარის კამპანია, ძირითადად, შიდა საკითხებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც წლების განმავლობაში დუღდა. კერძოდ, კორუფციული სამთავრობო სკანდალები, რიგითი უნგრელების ცხოვრების დონის გაუარესება. ორბანის ხშირმა შეტაკებებმა ბრიუსელთან ევროკავშირის ფონდებიდან მილიარდობით დოლარის გაყინვა გამოიწვია. ოპოზიციამ წარმატებით წარმოადგინა არჩევნები, როგორც არჩევანი იზოლაციასა და „ევროპულ გზაზე დაბრუნებას“ შორის.
„ტისამ“, ასევე, ყურადღება მიაპყრო მთავრობის საკამათო რეფორმებს დემოკრატიული სტანდარტებისა და მედიის თავისუფლების კუთხით. ოპოზიციამ ისარგებლა ორბანის, ასევე, საკამათო საგარეო პოლიტიკური პოზიციებით, განსაკუთრებით, რუსეთთან მისი მჭიდრო კავშირებით და უკრაინისთვის დახმარების ხშირი დაბლოკვით. უნგრეთის ნატოსა და ევროკავშირის „სანდო მოკავშირედ“ წარმოჩენით, მადიარის კოალიციამ მიიზიდა ამომრჩევლები, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ უნგრეთის საერთაშორისო რეპუტაციითა და უსაფრთხოებით“.
ირმა ცეცხლაძე