პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა
By

პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მარინე გვიანიძის განცხადებით, ანგარიში, უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შემოვიდა. საკომიტეტო მოსმენებზე ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე წარმოადგენს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხდომაზე, მეორე მოსმენით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მინდია დიასამიძემ წარმოადგინა. ბიურომ საკითხი, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.

სხდომაზე განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 16 აპრილის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, მინისტრის საათის წინასწარ დამტკიცებული განრიგის მიხედვით, ამავე ფორმატში, კანონმდებლები აჭარის მთავრობის წევრს, კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს მოუსმენენ. დღის წესრიგში ასევე შევიდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა.

 

  • No Comments
  • აპრილი 15, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *