„ფოტოგრაფიის ძალა ის წამია, რომელიც სიცოცხლეზე გრძელია“
14 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ბათუმელ ფოტოგრაფ სეირან ბაროიანის პერსონალური ფოტოგამოფენა „ბათუმის ხატება“ გაიხსნა, რომელიც ფოტოხელოვანის მეუღლე ირინა ბაროიან-იანდიანის ხსოვნას მიეძღვნა. სეირან ბაროიანისთვის ფოტოგრაფია, ისევე, როგორც ბევრისთვის, წამის შეჩერების მცდელობა და ისტორიის უხმო თხრობაა. მისი გზა ერთი უბრალო, საბჭოთა ფოტოაპარატითა და ბავშვური ცნობისმოყვარეობით იწყება, თუმცა მალევე იქცევა ცხოვრების მთავარ საქმედ, რომელიც ათწლეულებს, ეპოქებსა და ადამიანურ ტრაგედიებს მოიცავს. მის ობიექტივში მოქცეული ბათუმი ერთდროულად სამი განსხვავებული დროის მატარებელია: წარსულის მკაცრი რეალობის, გარდამავალი პერიოდის ტკივილის და თანამედროვე ქალაქის წინააღმდეგობრივი სახის. მისი ფოტოსურათები ემოციური დოკუმენტებია, სადაც თითოეული კადრი ერთ წამში მოქცეულ ისტორიას ინახავს.

– როგორ დაიწყო თქვენი გზა ფოტოხელოვნებაში, რა იყო პირველი იმპულსი?
– მე-8 კლასში ვიყავი, როცა მამაჩემმა სამოყვარულო ფოტოაპარატი – „სმენა 8 M“ მაჩუქა, ყველაზე ხელმისაწვდომი და უბრალო აპარატი იყო, საბჭოთა ფულით 15 მანეთი ღირდა. მაშინ ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, გვერდით პროფკავშირების კულტურის სახლი იყო, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით სხვადასხვა წრე მუშაობდა: ავიამოდელისტების, გემთმშენებლობის და ასე შემდეგ. ტარდებოდა შეჯიბრებებიც, იყო, ასევე, ფოტო-კინო მოყვარულთა კლუბი „იბერია“, ესეც სახელმწიფო სტატუსით, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ლერი ანთაძე, საშა მითაიშვილი და ანზორ თალაკვაძე. ბატონი ლერი ჩემი მეზობელი იყო, მასთან მივედი და ფოტოგრაფიის შესწავლა ვთხოვე. მახსოვს, მომცა ფირი და ყუთი, ჯერ ისე მაჩვენა, როგორ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, შემდეგ კი იგივე სრულ სიბნელეში უნდა გამემეორებინა, ანუ ფირი ყუთში უნდა გადამეტანა. სპეციალურ ბნელ ოთახში წამიყვანა და ყველაფერი კარგად გავაკეთე. აქედან დაიწყო ჩემი ამ სფეროთი გატაცება. თანდათან ავითვისე ყველაფერი და სრულ სიბნელეში, ყოველგვარი შუქის გარეშე ყველა პროცესს ნელ-ნელა გავდიოდი. თითები უკვე ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს – ფირის დატენვა იქნებოდა თუ სურათის გამჟღავნება. . . მთლიანი პროცესი იქ შევისწავლე და ძალიან მადლიერი ვარ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ფოტოსურათი, იგი ემოციაა თუ ისტორია?
– ცხადია, ისტორიაა, დაჭერილი წამი. . . ჩვენი ცხოვრების უმცირესი მონაკვეთი, წამი, რომელსაც ვერ დააბრუნებ, ის უკვე დაფიქსირებულია და მორჩა. მხატვარს შეუძლია დაინახოს, დაიმახსოვროს და ტილოზე გადაიტანოს სურათი, საკუთარი ხედვიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ფოტოგრაფიის ძალა კი ის წამია, რომელიც სიცოცხლეზე გრძელია.
– როგორ გაუძლო თქვენმა შემოქმედებამ სხვადასხვა პერიოდის ქარტეხილებს?
– ვფიქრობ, მყარად გაუძლო. ნამდვილად ბევრი პერიოდი გამოვიარე. სანამ ასლან აბაშიძესთან პრესსამსახურში მოვხვდებოდი ფოტოგრაფად, ამ სფეროში უკვე წარმატებული და ძლიერი ვიყავი, რადგან ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. ასლანთან ისე ვერავინ მოხვდებოდა. სანამ მასთან მუშაობას დავიწყებდი, ექვსთვიანი საცდელი პერიოდი გავიარე. სხვათა შორის, როცა კულტურის სახლის სახალხო სტუდია დავასრულე, არა მარტო ფოტოგრაფი, კინოოპერატორიც ვიყავი. ჯარიდან რომ ჩამოვედი, საქართველოს ტელევიზიაში ვმუშაობდი, საინფორმაციო გადაცემა „მოამბეში“ ჯერ ასისტენტი, შემდეგ გამნათებელი, ბოლოს კი მესამე კატეგორიის კინოოპერატორი ვიყავი. აჭარის ტელევიზია რომ დაფუძნდა, გახსნის პირველივე დღიდან იქ დავსაქმდი. ასლანთან ამ გზის გავლის შემდეგ მოვხვდი.

– როგორ შეიცვალა თქვენი ხედვა წლების განმავლობაში?
– საზოგადოება, გარემოცვა, ბუნება, ქალაქიც იცვლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ასაკი. როგორც იტყვიან, დაღვინებული, სულ სხვა კუთხიდან ვუყურებ ყველაფერს. აბსოლუტურად სხვა აღქმა მაქვს. ახალგაზრდა როცა ხარ, სხვა ენერგიით და ენთუზიაზმით ცდილობ, დაეუფლო პროფესიას. მაშინ, მოგეხსენებათ, ინტერნეტი არ იყო, წიგნებიც რთულად იშოვებოდა, თუმცა მათ მაინც ვაგროვებდი და დიდი ბიბლიოთეკა მქონდა. მოსკოვში ფოტოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და იქ ხედვაც, აზროვნებაც, გემოვნებაც უფრო დამეხვეწა. პროფესიონალი პედაგოგები მყავდა. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო და საქართველოში ძალიან ცუდი პერიოდი დადგა, ომის და კატაკლიზმების გადაღება მომიწია. ამ დროსაც შეიცვალა ჩემი აზროვნება. მივდიოდი როგორც რეპორტიორი და ვცდილობდი, ეს პროცესები ისე გადამეღო, რომ ისტორიას დარჩენოდა, თუმცა იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი, შემდეგ აღარ მინდოდა ამის გადაღება. 2004 წლის გადატრიალება რომ მოხდა საქართველოში და ძალიან რთული პერიოდი მოვიდა, მაშინ 7 სხვადასხვა სააგენტოსთვის ვმუშაობდი. არქივში დღემდე დევს იმ მოვლენების მასალები, რაც გადავიღე.
– როგორია ის ბათუმი, რომელსაც თქვენ გვაჩვენებთ?
– ჩემს ფოტოგამოფენაზე საზოგადოებამ იხილა სამი ეპოქის ბათუმი და ალბათ ყველა ყველაფერს უსიტყვოდ მიხვდა. აქ ჩანს ნამდვილი ბათუმი, საბჭოთა უხეში ბათუმი და 21-ე საუკუნის უგემოვნო ბათუმი.
– იყო თუ არა ეს გამოფენა ერთგვარი მოგონებების არქივი?
– არა, უფრო ჩემი განვლილი გზის შემაჯამებელი გამოფენა იყო. ვფიქრობ, ყველა შემოქმედის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უნდა გადახედო და შეაჯამო, როგორ გაიარე ეს გზა, რა გააკეთე. ამიტომ გადავწყვიტე, სხვადასხვა პერიოდის სურათები გამომეტანა და ცხადია, ხალხის აზრიც მაინტერესებდა.
– გამოფენა თქვენს გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვენით, როგორ აისახა პირადი ისტორია ნამუშევრებში?
– დიახ, შარშან სექტემბერში ავარია მოხდა, როცა ჩემი მეუღლე ტრაგიკულად დაიღუპა. იგი თითოეული სურათის გადაღების პროცესის მონაწილე იყო და ჩემ გვერდით იდგა 40 წელი. ყოველმხრივ მეხმარებოდა და მისი დამსახურებაცაა ჩემი მიღწევები. რაც გამოფენილი მქონდა, ამ სურათების გადაღების დროს, იგი ჩემ გვერდით იყო, აწი რასაც შევქმნი, ალბათ, ის სურათები იქნება ამ შეკითხვის პასუხი.
– იყო თუ არა რომელიმე კადრის გადაღება განსაკუთრებით რთული ემოციურად?
– იყო, რა თქმა უნდა. საბჭოთა პერიოდში მეწყრის დროს დაღუპული ადამიანების, ოჯახების, დანგრეული სახლების ფირზე გადატანა ძალიან მძიმე გამოდგა. აღარ ვუყურებ იმ ფოტოებს, გვერდითაა გადადებული და მათთან დაბრუნება არ მინდა. ალბათ მოვა დრო და ისევ შევხედავ. 90-იან წლებში საქართველოში სამხედრო მოქმედებების დროს გადაღებული კადრებიც რთული იყო.

– რა აძლევს ბათუმს განსაკუთრებულობას თქვენი, როგორც ფოტოგრაფის აზრით?
– გამოფენას „ბათუმის ხატება“ დავარქვი, რომელიც ყველაფერში ჩანს – არქიტექტურაც, ადამიანებიც, ხეები, პარკი, ბულვარი, ნებისმიერი დეტალი, ნებისმიერი ადამიანი ბათუმის ხატებაა. სწორედ ეს ყველაფერი ხდის მას განსაკუთრებულს.
მარიამ ხითარიშვილი