არჩილ გორდულაძის პასუხი კაია კალასს
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები კაია კალასის პოზიციას მწვავედ აკრიტიკებენ და მას დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიმართულად აფასებენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნა: „როდესაც კაია კალასი საუბრობს, თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია დგას, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს ხელისუფალს, ფეხქვეშ თელავს. თუ მას წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც „ხელისუფალი“ კარზე წარწერა ექნება, ეს არ გამოვა“.
გორდულაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მართვაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ქართველი ხალხი იღებს:
„ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ეს აჩენს სკეპტიციზმს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ, ეს არის ჩარევის მაგალითი, დემოკრატიის გადახაზვა“.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა:
„ჩვენ ქართველ ხალხს ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას“.