ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდება
By

ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდება

ბათუმის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დრო პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმო. უმრავლესობის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის მუშაობა შეაფასეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. უმრავლესობის აზრს არ დაეთანხმა ოპოზიცია.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, დეპუტატებმა ექვს საკითხზე იმსჯელეს. საკრებულომ ქალაქ ბათუმში, ადლიის I ჩიხის №6/6ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. ტერიტორიაზე შპს ,,ნიუ ლაიფსტაილი“ მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, მათ შორის, საზოგადოებრივი სივრცეების, გამწვანების, დახურული მიწისქვეშა და ღია მიწისზედა ავტოსადგომების მოწყობას. განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისათვის, განსაზღვრულია მაკომპენსირებელი ღონისძიება. საკითხი დეპუტატებს მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა არჩილ გირკელიძემ გააცნო.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმაში. ცვლილება მასშტაბით და ადგილმდებარეობით შეუსაბამო ობიექტის ნაცვლად, შადრევნის და სარეკრეაციო სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.

საკრებულომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი უძრავი ქონებების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურიც განსაზღვრა.

– მიღებული განკარგულებით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართების) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა შემდგომი განკარგვის მიზნით. განსაკარგი ქონების წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ შეფასებების საფუძველზე, – აღნიშნა მერიის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის უფროსმა დავით კოპინაძემ.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერს თანხმობა მიეცა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მეორადი ქვაფენილის, ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით, სსიპ „საქართველოს საპატრიარქოსთვის“ უსასყიდლოდ, მუდმივ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. როგორც დავით კოპინაძემ აღნიშნა, მეორადი ქვაფენილი საქართველოს საპატრიარქოს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეკლესია-მონასტრების ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდება.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა საკრებულოს განკარგულებაში, კერძოდ, დაკორექტირდა „ქალაქ ბათუმში, ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში (ს/კ 05.24.04.289) არსებული მონაკვეთისთვის სკვერის სტატუსის და მასზე შალვა ინასარიძის სახელის მიწიჭების თაობაზე“ საკრებულოს 2025 წლის 26 სექტემბრის განკარგულება.

ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესში. კერძოდ, დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) მიერ კომისიის სხდომაზე ფაქტობრივი დასწრების შესახებ წარსადგენი წერილობითი ინფორმაციის ფორმა და დაკორექტირდა საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ტექნიკური ნაწილი.

 

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • აპრილი 22, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *