„იზრდება „ურსულადაჩაგრული“ ევროპელების მხრიდან აქ ჩამოსვლის სურვილი“.
By

„იზრდება „ურსულადაჩაგრული“ ევროპელების მხრიდან აქ ჩამოსვლის სურვილი“.

პოლიტანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ტურისტულ დინამიკაზე წერს და ტურისტებისთვის ახალ მოტივაციაზე საუბრობს

„ტურისტული დინამიკა საქართველოში 2026 წლის დასაწყისისთვის საკმაოდ პოზიტიურია: ქვეყანა აგრძელებს ვიზიტორთა ნაკადის ზრდას, თანაც სწორედ „ხარისხიანი“, გადახდისუნარიანი სეგმენტის ხარჯზე. პირველი კვარტლის შედეგებით დაფიქსირდა დაახლოებით 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი, ხოლო ტურიზმის შემოსავალი მიუახლოვდა 800–830 მილიონ დოლარს. განსაკუთრებით საგულისხმოა ევროკავშირის ქვეყნებიდან ზრდა – 25–30%-იანი მატება ვიზიტორთა რაოდენობაში და კიდევ უფრო მაღალი დინამიკა ხარჯვითი თვალსაზრისით. ანუ საქართველოში ჩამოდიან არა უბრალოდ „სანახავად“, არამედ თანხით, ინტერესითა და გადახდისუნარიანობის მზაობით.

აქ კი იწყება ყველაზე საინტერესო – გეოგრაფია და ვიზიტების მოტივაცია. სულ უფრო მეტი ევროპელი მიემართება თბილისსა და რეგიონებში არა მხოლოდ სამზარეულოსა და ბუნების გამო, არამედ იმ „ცოცხალი ქვეყნის“ შეგრძნებისთვის, რომელიც საკუთარ, სუვერენულ ხაზს ატარებს და წლებია წარმატებით ეწინააღმდეგება ბრიუსელის მენსტრიმს. ამ ფონზე ჩნდება ჯანსაღი სარკაზმით გაჯერებული ეფექტი: რაც უფრო ძლიერდება პოლიტიკური რიტორიკა და დაძაბულობა ევრობიუროკრატიის მხრიდან, მით უფრო იზრდება „ურსულადაჩაგრული“ ევროპელების მხრიდან სურვილი – „საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი“. შედეგად, ბრიუსელი, თავადაც უნებლიეთ, იქცევა ერთგვარ „პრომოუშენად“ საქართველოსადმი ტურისტული ინტერესის ზრდაში.

გაზაფხული–ზაფხულის სეზონის პროგნოზი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია: არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, ქვეყანა მიდის ახალ რეკორდამდე როგორც ვიზიტების რაოდენობით, ისე შემოსავლებით. მიმდინარე ტრენდის გაგრძელებისას, წლიურმა ტურისტულმა შემოსავალმა შესაძლოა გადააჭარბოს 5 მილიარდ დოლარს. და აქ უკვე თავს იჩენს „ბუმერანგის ეფექტი“: ევროპელები სამშობლოში ბრუნდებიან არა მხოლოდ საქართველოს ფოტოებით, არამედ დაინფიცირებულები „სუვერენიტეტის ვირუსით“. ასეთი ტემპით, ბრიუსელს მალე ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ფიქრი კი არ მოუწევს,  არამედ საკუთარი მოქალაქეების ნაკადის შეზღუდვაზე დაფიქრება ამ ზედმეტად მიმზიდველ „ალტერნატიულ რეალობაში“, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ამავდროულად, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში“.

 

  • No Comments
  • აპრილი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *