შეხვედრები – ბავშვთა იმუნიზაციის საკითხებზე
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა ნონა ეფაძემ და ავთანდილ ფუტკარაძემ, ბავშვთა იმუნიზაციის საკითხებზე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღების სამედიცინო პერსონალთან შეხვედრები გამართეს.
განხილეს იმუნიზაციით მართვადი ინფექციები, მათი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობა და ვაქცინაციის როლი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარზე, აცრების დროულად ჩატარების აუცილებლობასა და იმუნიზაციის პროცესში საბავშვო ბაღების სამედიცინო პერსონალის როლზე.
აღინიშნა, რომ იმუნიზაცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციური დაავადებების გავრცელებას და უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელ და უსაფრთხო განვითარებას.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მსგავსი საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს..