პროექტის – „აქტიური ახალგაზრდა“ მონაწილეებს უმასპინძლეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტის – „აქტიური ახალგაზრდა“ მონაწილეებს უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობაზე, საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურაზე, კანონშემოქმედებითი საქმიანობის პრინციპებსა და სპეციფიკაზე ესაუბრნენ.
მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, კანონმდებლებმა შეხვედრის მონაწილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებზე, კომპეტენციებზე, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობის დაბალანსების მექანიზმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს მათ კითხვებს.
პროექტი – „აქტიური ახალგაზრდა“ აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზანად.
შეხვედრას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს შენობა და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი დაათვალიერეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.