„პოეტი დიდი ბავშვი არ არის, ვერ შედგება ნამდვილ შემოქმედად”
გაჯეტებისა და მობილურების ეპოქაში ბავშვების წიგნით დაინტერესება ერთობ რთულია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის, თუ გულით მოიწადინებ. ამ მოსაზრებას პოეტ ჯემალ სურმანიძის ახლახან გამოცემული წიგნი ,,ნიკოლასი და მზეც“ ადასტურებს. აღნიშნულმა გამოცემამ წარმატებით გაიარა პირველი ტესტი – ბავშვებმა შეიყვარეს მასში შესული ლექსები და წარდგინებაზეც დიდებულად წარმოაჩინეს.
პოლიგრაფიულად მაღალ დონეზე გამოცემული, შესანიშნავი ილუსტრაციებით დამშვენებული წიგნი პოეზიის, მართლაც, დიდებული შენაძენია. როგორ შეიქმნა ეს დიდებული წიგნი? რას ფიქრობს მასზე თავად პოეტი? ამის თაობაზე დღეს თავად ჯემალ სურმანიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.
– გილოცავთ, ბატონო ჯემალ, რა მშვენიერი წიგნი მიუძღვენით პატარებს. საინტერესოა, რამ შთაგაგონათ ამ საბავშვო ლექსების კრებულის შექმნა?
– ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე საბავშვო პოეზიით თუ დავინტერესდებოდი. თავიდან პირველი შვილიშვილის, სესილის, მოვლინებას შევეხმიანე ლექსით, რასაც მეორე და მესამე შვილიშვილებზე – მათესა და ლიზაზე მიძღვნილები მოჰყვა. თანდათანობით ბავშვთა სამყაროში წვდომის თემატიკამ გამიტაცა. შემდეგ კოლეგებმა შემაგულიანეს, გამეგრძელებინა წერა და საყმაწვილო ლექსები პერიოდულ გამოცემებში გამომექვეყნებინა. მწერალი გურანდა ნიჟარაძე კვალიფიციური ილუსტრატორის პოვნაში დამეხმარა. თავის მხრივ, ჩვენი ოჯახის ახლობელი, ქალბატონი მარიკა ხალვაში წიგნის გამოცემაში ხელშეწყობას დამპირდა. კრებულის დაბეჭდვის იდეას სწორედ ეს გარემოებები დაედო საფუძვლად.
– პატარებისთვის წერა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რთულია. თქვენ, როგორც პოეტი, საბავშვო აკორდებზე გადართვისას თავს როგორ გრძნობდით?
– პატარებისთვის ლექსის დაწერა მართლაც რთული და საპასუხისმგებლოა. უნდა შეგეძლოს ნორჩების ფსიქოლოგიის შეცნობა, მათთან ბავშვობის გაყოფა. ვფიქრობ, საბავშვო აკორდებზე გადასვლის ტოლფასია, რომ საოჯახო გარემოში პოულობ ლექსის თემას, რომლის მთავარი გმირები, ზოგადად, ერთი მისწრაფების მქონე შვილიშვილები და მათი თანატოლები არიან. ბუნებრივია, მუზა მხოლოდ ოჯახურ გარემოში არ მოდის.. ასე რომ, ამ პროცესში, მთელი არსებით, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდე ჩართული.

– კრებულის სათაური ,,ნიკოლასი და მზე“ როგორ შეარჩიეთ. რა ფუნქციური და სიმბოლური დატვირთვა აქვს მას?
– სათაური სიმბოლურად შეირჩა. ნიკოლასი ჩემი უმცროსი შვილიშვილია, რომელიც თავის ნახატზე მზეს წვიმისგან ,,იფარავს“.
– ,,მზიური წიგნი“ – ასე შეაფასეს თქვენი კრებული, რომელიც სიყვარულითა და სითბოთი სავსე ლექსებთან ერთად, შთამბეჭდავი გახადა ფერადოვანმა, მშვენიერმა ილუსტრაციებმა. წიგნის მხატვრისა და თქვენი თანამშრომლობის პერიპეტიებსაც თუ გაგვაცნობთ, კარგი იქნება. როგორ იქმნებოდა ეს ილუსტრაციები?
– ვფიქრობ, წიგნი გაცნობისთანავე დაიმსახურებს ბავშვების ყურადღებას მელოდიური და მიმზიდველი ლექსებით. მათ კონტექსტში პატარები შეძლებენ ასაკის შესაფერისი ულამაზესი ილუსტრაციების აღქმას, რომლებისთვისაც მადლობას ვუხდი მხატვარ დათო ტრაპაიძეს. ჩვენ ერთობლივად ბევრი და ეფექტურად ვიშრომეთ. პროცესს განცდებიც ახლდა, თუმცა, როგორც დათო ამბობს, – ღირდა ამად. მინდა ვთქვა წიგნის გაფერადებაში გიორგი ბერიძის როლზეც, რომლის ,,ორი ვაშლი“ ზეთითაა შესრულებული.
– წიგნი შესაშურად მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა გამოცემული…
– სწორედ ამისთვის ძალიან ვემადლიერები ქალბატონ მარიკა ხალვაშს, რომლის თანადგომის გარეშე ეს კრებული მკითხველამდე ვერ მიაღწევდა. აქვე უნდა აღვნიშნო გამომცემლობა ,,ტრიკვეტრასა“ და სტამბასთან – შპს ,,ფავორიტი სტილი“ (თბილისი) ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, რის შედეგადაც დაიბადა ეს საბავშვო წიგნი.
– ინტერნეტისა და გაჯეტების ეპოქაში ბავშვების წიგნით დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, ერთგვარი მისიაა, რომლის შესასრულებლად რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს?
– დიახ, ინტერნეტისა და გაჯეტების პერიოდში, მართლაც, არაა ადვილი ბავშვების წიგნით დაინტერესება. როგორც ერთ-ერთ ჩემს ლექსში მშობლების გასაგონად ვამბობ, მობილურში ცქერის ნაცვლად, ბავშვები ზღვაზე, სოფელში, მთაში, საერთოდ ჯობს, ბუნებაში გავიყვანოთ, რათა ჯანსაღები გაიზარდონ, პოტენციური ნიჭი და უნარები განუვითარდეთ, მეტი კლასიკოსები უნდა წაიკითხონ, იმღერონ, იცეკვონ, ხატონ, იშრომონ, ითამაშონ ფეხბურთი. ასე მათ სამშობლოს, მის ისტორიას გავაცნობთ, თვითმყოფად კულტურას შევაყვარებთ. ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ამ მიმართებით გარჯას ვურჩევდი. ბავშვების წიგნით დაინტერესებაში გამოვყოფდი ფერადი ილუსტრაციების მნიშვნელობასაც.
– თემატიკას, რომელიც თქვენს წიგნში იკვეთება, რა აღმზრდელობითი ამოცანა აკისრია? ვინ არიან წიგნის პერსონაჟები?
– შევეცადეთ, წიგნში გასაგები ლექსიკითა და ინტონაციით წარმოგვედგინა ყველაფერი, რასაც ბავშვი იცნობს, უყვარს და აინტერესებს: სახლი, მშობლები, ბებია, ბაბუა, ბაღი, სკოლა, ბუნება, სათამაშოები, უფრო კონკრეტულად – ძვირფას დედასთან ერთად სკოლაში სიარული, თანაკლასელების გაცნობა, მოკრძალება თანაკლასელი გოგონას მიმართ, ოჯახის და სწავლის სიყვარული და ა.შ. კრებულში არანაკლები დოზითაა ნაჩვენები პატარების გრძნობები და დამოკიდებულებები ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვებისთვის გვეჩვენებინა ცუდი ყოფაქცევის, შურიანობის და სხვა გამომწვევი საქციელის მიუღებლობა. წიგნის პერსონაჟები შვილიშვილები და მათი თანატოლი ბავშვები არიან: ონავარი მათე, თვალებგიზგიზა ლიზა, დაუღლელი დათო და მართა, ცნობისმოყვარე მზეო, საქმიანი ლუკა, სესილი და თეა, ციცქნა ბიჭი, რომელმაც პირველად დაინახა თოვლი და ,,შემოადნა ხელში გუნდა ერთი ციდა“, ბუზღუნა აზა და თაზო, რა თქმა უნდა ნიკოლასი და სხვები.
შთამბეჭდავი, ექსპრესიული სურათხატებით ვაცნობთ პატარებს, ასევე, ბუნების შვილებს: რძითა და მურით მოთხუპნულ აბეზარა კატას, შურიან ციყვს, კოდალას, შავნაბდიან ყვავს, ერთგულ ბეღურებს, გულქვა გუგულს, წიწილების მოყვარულ ქორ-მიმინოს, თათისხელა ძაღლს – სმაგის და სხვა.
– რას ასწავლის ბავშვებს თქვენი წიგნი, რა არის იდეა, რომელსაც შემდომშიც უერთგულებთ?
– წიგნში დამრიგებლური ტონის გარეშე შევეცადეთ, ბავშვებისთვის პატარ-პატარა ადამიანური სიკეთეები, ლამაზი ქცევის წესები, ფლორა ფაუნის მოფრთხილება და უშურველად სიყვარულის გაცემა გვესწავლებინა. ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომლებზეც სამყარო დასაბამიდან დგას.
– ახალ საბავშვო წიგნს როდის უნდა ველოდოთ?
– ვფიქრობ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა გამოსაცემად მზად მაქვს ლირიკული პოეზიის კრებული.
– ამბობენ, რომ უსაყვარლესი ბაბუა ბრძანდებით. თქვენმა შვილიშვილებმა შთაგაგონათ ბევრი ლექსი… როგორ მიიღეს მათ თქვენი ეს ნობათი?. ისინი ხომ თქვენი პირველი მკითხველები არიან…
– ამას პასუხი ნაწილობრივ ზემოთაც გავეცი. ვცდილობ, შვილიშვილებისთვის მზრუნველი და მოსიყვარულე ბაბუა ვიყო. მათგანაც მუდმივად ვგრძნობ სიყვარულს. შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვაკეთებ, რათა ჩემი ცოდნა მათ გადავცე, გამოცდილება გავუზიარო. ერთი სიამოვნებაა იმის აღქმა, ახლად შექმნილ საბავშვო ლექსებს როგორი გულისყურით ისმენენ. ემოციებს ვერ ფარავენ, ჟურნალ ,,ჭოროხში“ დაბეჭდილი საბავშვო ლექსების პირველი მკითხველები რომ არიან. აღარაფერს ვამბობ წიგნზე, რომელმაც თავისი შინაარსითა და სილამაზით მოხიბლა ისინი.
– ამბობენ, პოეტი ყველაზე დიდი ბავშვიაო. ჯემალ სურმანიძე – ამ გადასახედიდან…
– აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შეფასებას. გოეთეს ,,ფაუსტში“ ასეთ ფრაზას შეხვდები: ,,ვინ თქვა სიბერე ბავშვობისკენ უკუსვლააო, პირიქით, სულის ამოხდამდე ბავშვებად ვრჩებით“. „…ემსგავსეთ ბავშვებს“, – გვასწავლის უფალი. თუ პოეტი დიდი ბავშვი არ არის, ვერ შედგება ნამდვილ შემოქმედად, მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და უშუალობით.
ლაშა ხომერიკი