ანსამბლ „მერცხალის“ პირველი წარმატება
შარშან შუახევის სახელოვნებო სკოლის სოფელ ბუთურაულის იაგო მიქელაძის სახელობის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერცხალი“ პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე და მოწონებაც დაიმსახურა (ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯამბულ დავითაძე, ქორეოგრაფი მურმან ბერიძე, სკოლების დირექტორები ნინო ბერიძე და ბულბული მგელაძე). იმ დღიდან მოყოლებული, „მერცხალის“ ნორჩი მოცეკვავეები შუახევში გამართულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ. „განდაგანას“, „კინტოურსა“ და „ხორუმს“ მათ რეპერტუარში მთავარი ადგილი უკავია.
– შუახევის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კონტინგენტი მინიმუმამდე დავიდა. საბედნიეროდ, ბუთურაულში მოსწავლეთა საკმაო რაოდენობაა, რამაც განაპირობა, რომ ჯამბულ დავითაძისა და მურმან ბერიძის ხელმძღვანელობით, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამოყალიბებულიყო. სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეთა მშობლების დაინტერესებაც დიდია. თანადგომა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგანაც აქვთ. ჩვენი სურვილი იყო, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის დიდი ტრადიციების მქონე შუახევში, აკადემიურ დონეზე მომზადებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი გვყოლოდა, რაც წლების წინათ, რამდენიმე სკოლასთან არსებობდა, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა, დირექტორ ზაზა მჟავანაძის, საპატიო თავმჯდომარეების: პროფესორ ლაუზი (რეზო) ჭანიშვილის, საქართველოს დამსახურებული არტისტის გივი სიხარულიძის, ხელოვნებათმცოდნე ერეკლე საღლიანის და მრჩეველთა საპატიო საბჭოს გადაწყვეტილებით, კარგ წამოწყებას დაუდო სათავე – ცნობილ ქართველ მუსიკოსთა დაჯილდოებას. რა თქმა უნდა, აჭარა და აქ მომუშავე მუსიკოსებიც ჯილდოვდებიან.
წლევანდელი ცერემონია თბილისის კულტურის ცენტრ „თბილისი არტ-ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. ამ დღეს სხვადასხვა წოდებით და ორდენებით დააჯილდოვეს მუსიკოს-აკომპანიატორები, რომლებიც ემსახურებოდნენ და ემსახურებიან ქართულ ფოლკლორს, ქორეოგრაფიას და დიდი წვლილი შეაქვთ მის განვითარება-სრულყოფაში.
ქართული ქორეოგრაფიის ცენტრის დირექტორის ზაზა მჟავანაძის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე გამოგზავნილ ბარათში წერია: „გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ დაჯილდოების ერთ-ერთ ნომინაციაზე წარდგენილი არიან თქვენი მუნიციპალიტეტის წარმატებული მუსიკოსები როლანდ ივანაძე და როლანდ ნაკაიძე. როგორც წესი, დაჯილდოებულ პიროვნებებს გვერდს უმშვენებენ მათივე მუნიციპალიტეტის ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები. თქვენს მუსიკოსებს მხარს დაუჭერს შუახევის სახელოვნებო სკოლის სოფელ ბუთურაულის იაგო მიქელაძის სახელობის საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერცხალი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ჯამბულ დავითაძე, ქორეოგრაფი მურმან ბერიძე). ბატონო ომარ, გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობა, შარშან ჩატარებული ანალოგიური ღონისძიების რეზონანსი და მუნიციპალიტეტის კულტურის, ხელოვნების კიდევ უკეთ წარმოჩენის მიზნით, გვერდით დაუდგეთ მუსიკოსებს, თანმხლებ ანსამბლს, მის ხელმძღვანელებს, წევრებს და შესაძლებლობის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაუწიოთ.“
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ბულბული მგელაძისა და ვახტანგ გოგრაჭაძის ხელმძღვანელობით, „მერცხალის“ 26 წევრი თბილისში გაემგზავრა.
– ჯამბულ დავითაძისა და მურმან ბერიძის საქმიანობას ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა კარგად ვიცნობთ. მათ აჭარის მთიანეთიდან ადრეც ჩამოჰყავდათ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები და სათანადო შეფასებაც ჰქონდათ. ამჯერადაც განაცვიფრა მაყურებელი „განდაგანას“ ილეთების უბადლო შესრულებით ნორჩმა სოლისტმა ლიზა მიქელაძემ. ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის განკარგულებით, ჯამბულ დავითაძე და მურმან ბერიძე ავირჩიეთ ცენტრის საპატიო წევრებად, ამასთანავე, ორივე დაჯილდოვდა საპატიო სიგელებითა და ორდენებით. ანსამბლის ყველა წევრი – მედლებითა და დიპლომებით. ორდენით დაჯილდოვდა ანსამბლ „მერცხალის“ აკომპანიატორი ლევან ცეცხლაძე,- გვითხრა ზაზა მჟავანაძემ.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას უწევს ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მერცხალს“ ჯამბულ დავითაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღოს თურქეთის რესპუბლიკის საკურორტო ქალაქ ბოდრუმის ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფესტივალში.
– პირველი წარმატება და თბილისელი მაყურებლის დადებითი შეფასება, უკვე სახეზეა. ერთსულოვნება, ყველას დროული თანადგომა გვაძლევს სტიმულს, რომ ბავშვებთან მუშაობა გავაგრძელოთ და ზაფხულში მონაწილეობა მივიღოთ ბოდრუმის საერთაშორისო ფესტივალში, – ამბობს ჯამბულ დავითაძე.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

