ბათუმელები – საქართველოს ვიცე-ჩემპიონები
თბილისის სპორტის სასახლემ ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ მატჩებს უმასპინძლა. მედლებისათვის ბათუმის როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდები იბრძოდნენ. თავიდანვე ვიტყვით, რომ ორივე გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. მამაკაცები ცაგერის გუნდთან დამარცხდნენ. რაც შეეხება ქალთა ფინალს, ბათუმის ფრენბურთის გუნდი თბილისის ევროპის უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა ანგარიშით 3:2 დათმო.
როგორც ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხათუნა გიორგაძემ გვითხრა (გუნდის მწვრთნელი – ირინა სიმონიანი), მიუხედავად წაგებისა, ის გოგონების თამაშით კმაყოფილია.
– მადლობა ჩემს გოგონებს ფინალში შეუპოვარი ბრძოლისთვის. შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ არ დასრულდა, მაგრამ მათი ერთობა და ბოლომდე ბრძოლა, უკვე გამარჯვებაა. ასეთი გუნდი არასოდეს მარცხდება, ის უფრო ძლიერდება. მინდა აღვნიშნო, მოწინააღმდეგე გუნდი ჩვენთან შედარებით საკმაოდ გამოცდილია, ამიტომ პირველ-მეორე წრეში ჩვენს დამარცხებას გამართლებაც აქვს. ამას იშვიათად ვამბობ, მაგრამ ფინალურ მატჩში გოგონებმა სასწაულები აკეთეს. ანგარიშით 3:2 წავაგეთ და შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ გამოუცდელობამ „დაგვამარცხა“, თუმცა, შვიდი ნომინაციიდან ოთხი ბათუმელებმა დაისაკუთრეს, – გვითხრა ხათუნა გიორგაძემ.
ნომინაციაში „საუკეთესო გამთამაშებელი“ ელენე ჭუმბურიძემ გაიმარჯვა, „საუკეთესო ლიბერო“ თამთა ზამთარაძე გახდა, „საუკეთესო თავდამსხმელი“ – გვანცა ულუმბელაშვილი, „საუკეთესო ბლოკის“ ნომინაცია ელენე მექვაბიშვილს გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ხუთი ბათუმელი გოგონა – გვანცა ულუმბელაშვილი, მარიამ ბერიაშვილი, ელენე ჭუმბურიძე, ელენე მექვაბიშვილი, ქეთევან მჟავანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული.
მანანა ძიძიშვილი