ვოლოდიმირ ზელენსკი – თუ რუსეთს არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ, ეს გააკეთოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.
მისი განცხადებით, ღამით რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. ამასთან, ერთი ადამიანი დაშავდა დრონებით თავდასხმის შედეგად კრივი-რიჰში. ზელენსკის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსები თავს დაესხნენ რკინიგზის ინფრასტრუქტურას, რამაც ხანძარი და ზიანი გამოიწვია. რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე, დარტყმები განხორციელდა სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქების წინააღმდეგ.
„ღამის განმავლობაში გამოიყენეს 210 დრონი, მათგან დაახლოებით 140 –„შაჰედის“ ტიპის. ასეთი ყოველდღიური თავდასხმები ადასტურებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. აგრესორი უნდა დასუსტდეს იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. სანქციების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი გრძელვადიანი სანქციები რუსებს რეალობაში აბრუნებს. ეს სრულიად გამართლებულია და რაც მთავარია, ზღუდავს რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობას, გააგრძელოს ეს ომი. თუ რუსეთს არ სურს დიპლომატიაზე ნებაყოფლობით გადასვლა, უნდა ვაიძულოთ, ეს გავაკეთოთ“, – წერს ზელენსკი.