ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოებაა. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას“, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში. პრემიერის თქმით, სამხრეთ კავკასიის და, ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში, ამ საკითხებზე იქნება საუბარი. „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, სამხრეთ კავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.